არის თუ არა მზად საქართველო ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთის მოთხოვნა დააკმაყოფილოს – ზურაბ აბაშიძის კომენტარი

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, პრაღაში გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის განხილვა მოხდება.

როგორც აბაშიძემ „კვირასთან“ საუბარში აღნიშნა, ორივე მხარე დაინტერესებულია როგორც ავია, ისე ტურისტული მიმოსვლის აღდგენით.

„ჩვენი ფორმატი კონცენტრირებულია ისეთ საკითხებზე როგორიც არის ვაჭრობა, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, ტრანსპორტი, გარკვეული ჰუმანიტარული თემები.

გავაგრძელებთ ამ თემებზე საუბარს. ივნისის შემდეგ შეხვედრა არ გვქონია, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, არც სრულყოფილი დიპლომატიური მისიები გვაქვს იმისათვის, რომ რეგულარულად ხდებოდეს ამ სფეროებთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა. ამიტომ, დაგროვდა გარკვეული თემები და ამის თაობაზე გავაგრძელებთ საუბარს. სატრანსპორტო კომუნიკაციასთან არის დაკავშირებული შეწყვეტილი ავიამიმოსვლა და ვიმედოვნებთ, რომ რაღაც ინფორმაციას ამის თაობაზე რუსეთის მხარისგან მივიღებთ, თუ როგორ უყურებენ პერსპექტივას პირდაპირი ავიარეისების აღდგენასთან დაკავშირებით“, – განმარტა ზურაბ აბაშიძემ.

კითხვაზე, მოხდება თუ არა ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით რუსული მხარის მიერ წამოყენებული ერთგვარი პირობის შესრულება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ივნისში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ბოდიშის მოხდას გულისხმობს, ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ მას მსგავსი მოთხოვნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან არ მოუსმენია.

„მოვისმენთ რა ხედვები აქვთ ამასთან დაკავშირებით, ასეთი მოთხოვნა საგარეო უწყების მხრიდან მე არ მომისმენია. ვნახოთ, როგორ ხედავენ, ვფიქრობ, ამის პერსპექტივა არსებობს და ორივე მხარეა დაინტერესებული, რომ რეგულარული ავიამიმოსვლა აღდგეს. ჩვენ ჰუმანიტარული, ხალხთაშორისი კავშირების მომხრე ვართ და დაინტერესებული ვართ, რომ სრულყოფილად აღდგეს როგორც ავიამიმოსვლა ისე, ტურისტული მიმოსვლა. ვფიქრობ, ეს რუსული მხარის ინტერესიც არის“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

პრაღაში ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრა 28 ნოემბერს შედგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები