ლევან იზორია: უსაფრთხოების საბჭო საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტს განაახლებს

0

საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს ახალი მდივნის ლევან იზორიას განცხადებით, დღეიდან საბჭო აქტიურად შეუდგება ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზე მუშაობას. ამის შესახებ იზორიამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ასევე მოხდება საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლება და განისაზღვრება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კრიტიკული ინფრასტრუქტურის სია.

​„მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში განხილული საკითხები. ბატონი პრემიერის დავალებით, დღეიდან, აქტიურად შევუდგებით ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზე მუშაობას. ასევე საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლებას. ასევე განვიხილეთ ქვეყნის შიგნით არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება, განსაკუთრებით კი, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესები იყო განხილვის საგანი. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება კიბერუსაფრთხოების სფეროში. უსაფრთხოების საბჭოს ფორმატი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ბატონი პრემიერის ხელმძღვანელობით უწყებები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ქვეყანაში უსაფრთხოებაზე, ერთმანეთში თანამშრომლობის კოორდინაციას გააძლიერებენ. განსაზღვრავთ ასევე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან კრიტიკული ინფრასტრუქტურის სიას, და ეს ყოველივე იქნება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების, ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის და ამით უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. რათა სწორედ თითოეულის უსაფრთხოებით, ჩვენი ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარებით, შევქმნათ კეთილდღეობის წინაპირობა. კეთილდღეობა უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომ ჩვენ დღეიდან ბატონი პრემიერის ხელმძღვანელობით, გაძლიერებული ძალისხმევით, კოორდინაციის მაღალი ხარისხით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობის მაღალი დონით, უზრუნველყოფთ იმ სტრატეგიულ ამოცანებს, რომელიც თითოეული მოქალაქის და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდება“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი