ქედაში საპროტესტო აქცია დასრულდა – ფერმერებმა თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს

მაღალმთიან აჭარაში ფერმერების საპროტესტო აქცია დასრულდა. მონაწილეებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შეთავაზებაზე, რომ 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს შეხვედროდა, უარი განაცხადეს. ქედაში შეკრებილი ფერმერები ადგილობრივი მთავრობისგან დროულ რეაგირებას მოითხოვენ და თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება ისინი აქციების გაგრძელებას ბათუმში მთავრობის სახლთან აანონსებენ.

“თორნიკე რიჟვაძემ აქციის 5 მონაწილესთან შეხვედრა მოითხოვა, რასაც ფერმერები არ თანხმდებიან. ჩვენ მოვითხოვთ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ გააკეთოს განცხადებადა და ხელი შეუწყოს იმას, რომ თამბაქო არ დაიბეგროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ზეგ 11 საათზე მთავრობის სახლთან აქციას გავმართავთ”, – განაცხადა თამაზ ბაკურიძემ.

შეგახსენებთ, რომ დილიდან ქედის მერიასთან მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ფერმერები საპროტესტო აქციას მართავდნენ. ისინი იმ კანონპროექტის მიღებას აპროტესტებენ, რომელიც პარლამენტმა 21 ნოემბერს უნდა დაამტკიცოს.  კანონი თამბაქოზე აქციზისა და შეფუთვის დაწესებას ითვალისწინებს. ფერმერები, რომლებიც თამბაქოს მოყვანით წლებია დაკავებულები არიან, ფიქრობენ, რომ მსგავსი კანონი მათ ხარჯებს გაუზრდის და დამატებით პრობლემებს შეუქმნის.
ქედაში შეკრებილ ფერმერებს მუნიციპალიტეტის მერი, ლევან გორგილაძე შეხვდა და მათ ცენტრალურ ხელისუფლებასთან შუამდგომლობას დაჰპირდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები