შალვა ხაჭაპურიძე პარლამენტარებს: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე შეაჩერეთ უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრა

არასამთავრობო ორგანიზაცია “ადვოკატები დემოკრატიისათვის“ პარლამენტის წევრებს მიმართავს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრის პროცესი შეაჩერონ. განცხადება ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„მომდევნო კვირას, საქართველოს პარლამენტში დაგეგმილია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა. მოსახლეობა ორ თვეზე მეტია საჯაროდ თვალყურს ადევნებს პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებისა და შერჩევის პროცესს. თავად პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესი და მისი საჯაროობა მისასალმებელი ფაქტია, თუმცა ვფიქრობთ, დემოკრატიის ხარისხის ამაღლების მიზნით ხსენებულ საკითხზე კენჭისყრა-ხმის მიცემა, ღია და საჯარო უნდა იყოს. კანდიდატთა მოსმენის დროს, როგორც პარლამენტის ისე მესამე სექტორისა და პროცესში მონაწილე სხვა პირების მხრიდან არაერთხელ იქნა აღნიშნული, რომ კანდიდატი თავისი წარსულით, ბიოგრაფიით, პროფესიული ეთიკითა და გამოცდილებით არ გამოირჩევა. უფრო მეტიც, პარლამენტში მოსამართლეთა ზოგიერთი კანდიდატების მოსმენამ საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. კითხვის ნიშნები გაჩნდა ასევე თავად იუსტიციის საბჭოს მიერ კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტში წარდგენის პროცედურასთან დაკავშირებით. ამიტომაც საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა, რომელითაც ითხოვს იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევის მარეგულირებელი ნორმის
არაკონსტიტუციურად ცნობას, რაც ჩვენი აზრით არგუმენტირებული და დასაბუთებულია”,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.
​მისივე თქმით, იმავდროულად გასათვალისწინებელია ,,ვენეციის კომისიის“ რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა პარლამენტის მიერ მოხდეს არა დაჩქარებულად, არამედ ეტაპობივრად, რაც პროცესის დემოკრატიულობას ხელს შეუწყობს.“მიგვაჩნია, რომ საკითხის მკაცრი შემოწმება,გარე ძალების უგულებელყოფა, მიუკერძოებლობა და ობიექტურობა უნდა ხელმძღვანელოდეს პარლამენტის მუშაკთა მხრიდან ამ საკითხის შეფასებას, ვინაიდან საქმე ეხება ისეთ ისტორიულ მოვლენას, როგორიცაა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა. შესაბამისად გვჯერა, რომ პარლამენტის მუშაკები იმოქმედებთ დემოკრატიისა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ საქართველოს პარლამენტის წევრებს: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე შეაჩეროთ უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრის პროცესი, დაელოდეთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მართალია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ საკითხზე ვერ მიენიჭება უკუქცევითი ძალა, მაგრამ სანაცვლოდ პროცესი შეიძენს ლეგიტიმურობას, რაც მნიშვნელოვანია ესოდენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის დროს.საკონსტიტუციო სასამართლოს კი გთხოვთ, დაჩქარებული წესით განიხილოთ სახალხო დამცველის ზემოაღნიშნული სარჩელი, რათა არ გაჭიანურდეს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება”,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები