კოტე ჟღენტი: ასეთი სახის კონფლიქტები, როგორიც რუსეთ-უკრაინის ომია, სწრაფად და უმტკივნეულოდ არასოდეს მთავრდება
,,ასეთი სახის კონფლიქტები როგორც რუსეთ-უკრაინის ომია, სწრაფად და უმტკივნეულოდ არასოდეს მთავრდება ხოლმე”, – ამის შესახებ დიპლომატმა, კოტე ჟღენტმა ,,იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ ომში მსოფლიოს წამყვანი ძალების ინტერესები ეკვეთება ერთმანეთს, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს.
„ისტორია ამას გვაჩვენებს და ახლაც, ადვილი რომ ეს არ იქნება, ფაქტია. თუნდაც ეს ტრამპის პირველი 100 დღე და იმის შემდეგ გავლილი პერიოდი მოწმობს, რომ 24 საათში, ორ კვირაში და თუნდაც ერთ თვეში ეს ომი არ დამთავრდება, იმიტომ რომ იქ გარდა ამ ორი დაპირისპირებული მხარისა, იმდენი ინტერესია ერთმანეთთან გადაჭდობილი მსოფლიოს წამყვანი ძალებისა, რომ სწრაფად ამის მოგვარება შეუძლებელია. წარმოიდგინეთ, პუტინმა ის ოთხი რეგიონი ჩათვალა უკვე, რომ რუსეთის ნაწილია და ხელმძღვანელებს დაუძახა კრემლში, გადაიხადა უზარმაზარი ღონისძიება, კონსტიტუციაში ცვლილება [შევიდა] და ასე შემდეგ და ახლა ვიღაცა თუ ელის, რომ პუტინი, რუსეთი ამ ყველაფერს უკან წაიღებს, მე მგონი ეს არ მოხდება არანაირად. მეორეს მხრივ, უკრაინა იძახის, რომ ის არანაირად თავის ტერიტორიებს არ დათმობს. კონფლიქტის უმაღლესი დონეა ცხელი ომი ასეთ დროს არ ხდება ცეცხლის შეწყვეტა, თუკი მხარეებმა არ შეიგნეს, რომ კომპრომისია საჭირო“, – განაცხადა ჟღენტმა.