ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმში ჯემალ ჭკუასელის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში საქართველოს სახალხო არტისტისა და საზოგადო მოღვაწის, ჯემალ ჭკუასელის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილია გამოჩენილი ლოტბარისა და ხელოვანის უნიკალური საოჯახო ფოტო და ვიდეომასალა, სასცენო ჩოხა და მოქანდაკისა და მხატვრის მერაბ ბერძენიშვილის მიერ ანსამბლ „ერისიონისთვის“ შექმნილი კოსტიუმები.
დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ფონდ ,,ქართული გალობის“ მხარდაჭერით გამოცემული უნიკალური აუდიოარქივი, რომელშიც შესულია გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დღემდე ანსამბლ “ერისიონის” მიერ შესრულებული ასამდე ქართული საუკეთესო სასიმღერო ნიმუში.
გამოფენის გახსნას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.
სიტყვით გამოსვლისას კულტურის მინისტრმა ქართული ფოლკლორის შენარჩუნების საქმეში ჯემალ ჭკუასელის დამსახურებაზე ისაუბრა.
„ერისიონი“ ამ საქმეს 100 წელზე მეტია ემსახურება და საუკეთესო ტრადიციებს აგრძელებს. ეს პოლიფონია არ არის მხოლოდ მუსიკა. ეს არის ჩვენი ერთად დგომის, სახელმწიფოებრიობის, კულტურის განუყოფელი ნაწილი, ჩვენი სავიზიტო ბარათი. მადლობა „ერისიონს“, გვიყვარხართ, გვეიმედებით. ჯემალ ჭკუასელი თავისი ცხოვრებით ყველაზე დიდ საქმეს ემსახურა და ჩვენ არ გვაქვს უფლება, ეს არ შევუნარჩუნოთ მომავალ თაობას“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.
გამოფენა ივლისში ზუგდიდში, დადიანების სასახლეში გადაინაცვლებს.