აშკარაა, რომ რუსეთი ცდილობს დროის მოგებას, რათა გააგრძელოს ომი და ოკუპაცია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ფინელ კოლეგასთან საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეჭვგარეშეა, რომ ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასრულდეს.
„ვესაუბრე ფინეთის პრეზიდენტ ალექს სტაბს. ერთმანეთს ვაცნობეთ პარტნიორებთან ჩვენი კონტაქტების შესახებ და განვიხილეთ გუშინდელი საუბრის დეტალები. მთავარი ის არის, რომ მშვიდობისკენ მიმართული დიპლომატია კარგად უნდა იყოს კოორდინირებული და ხელშესახებ შედეგებზე ორიენტირებული.
აშკარაა, რომ რუსეთი ცდილობს დროის მოგებას, რათა გააგრძელოს ომი და ოკუპაცია. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ ზეწოლამ აიძულოს რუსები, შეცვალონ თავიანთი ქცევა. სანქციები მნიშვნელოვანია და მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მათ უფრო მკაცრს ხდის ამ ომში პასუხისმგებელი პირებისთვის.
ეჭვგარეშეა, რომ ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასრულდეს. მაგიდაზე არსებული წინადადებები უნდა იყოს ნათელი და რეალისტური. უკრაინა მზად არის ნებისმიერი მოლაპარაკების ფორმატისთვის, რომელიც შედეგებს მოიტანს. და თუ რუსეთი გააგრძელებს არარეალური პირობების წამოყენებას და პროგრესის შეფერხებას, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება.
დღეს ჩვენს პარტნიორებთან კიდევ უფრო მეტი საუბარია დაგეგმილი“, – წერს ზელენსკი X-ზე.