პროკურატურამ, გორში არასრულწლოვანების ჯგუფურად ცემის ფაქტზე, ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, გორში მომხდარი არასრულწლოვანების ჯგუფურად ცემის ფაქტზე, ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს, გორში, წარსულში ქურდობისთვის და ცემისთვის ნასამართლევი არასრულწლოვანის ინიციატივით არასრულწლოვან ძმებთან შეხვედრა შედგა. მან სხვა არასრულწლოვანებთან ერთად დაზარალებულებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სამართალდამცავებმა წარსულში ნასამართლევი არასრულწლოვანი 19 მაისს დააკავეს. მას, ორ სხვა არასრულწლოვანთან ერთად ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვანის ჯგუფურად ცემა), ხოლო ერთ არასრულწლოვანს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ორი არასრულწლოვანის ჯგუფურად ცემა) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები