“მიხარია, რომ გლეხის შრომა ფასდება” – კახეთში წარმოებული ჭაჭა ამერიკის ბაზარზე გაიყიდება (ვიდეო)

კახეთში წარმოებული “გლეხური ჭაჭა” ამერიკის ბაზარზე გაიყიდება. თელავში გამართულ “ჭაჭის ფესტივალზე” ოქროს მედალი ვეფხო ფიცხელაურის დამზადებულმა ვარდისფერი მუსკატის ჭაჭამ მოიპოვა და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ბაზარზე გასასვლელად მზადებაც დაიწყო.

ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, ვეფხო ფიცხელაური 75 წლისაა და „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას იხსენებს, რომ ჭაჭის გამოხდა მამა-პაპისგან ისწავლა და ამ ტრადიციას არც მომავლში უღალატებს. მცირე მეწარმემ ჭაჭის ფესტივალისთვის რამდენიმე სახეობის ჭაჭა მოამზადა, თუმცა ამბობს, რომ ვარდისფერი მუსკატის ჯიშის ყურძენს მართლაც განსაკუთრებული არომატი აქვს და ოქროს მედალიც დამსახურებულად მოიპოვა.
კახელი მეწარმე ჭაჭას მხოლოდ ოჯახისთვის ხდიდა და მისი ამ მასშტაბის ქვეყანაში რეალიზება არც კი უფიქრია. თუმცა ამაყია, რომ გლეხს შრომა უფასდება და მისი ნაშრომი ქვეყნის ფარგლებს სცდება.  

ამერიკის ბაზარზე ვარდისფერი მუსკატის რეალიზების შემთხვევაში, ჭაჭის ეტიკეტირებაზე და ბოთლზე ვეფხო ფიცხელაურის შვილმა, ლექსო ფიცხელაურმა უნდა იზრუნოს. ლექსო “რეგიონულ კვირასთან” ამბობს, რომ ღვინის დაყენებისას, ვარდისფერი მუსკატის არომატის შენარჩუნებაზე ზრუნავდა და იცოდა, ამ სახეობის ყურძნიდან განსაკუთრებული არომატის ჭაჭა გამოიხდებოდა.

მამა-შვილი, რომლებიც მცირე მეწარმეობას წლების განმავლობაში მეღვინეობის კუთხით მისდევენ, დარწმუნებულია, რომ ქართულ ჭაჭას ისეთივე შესაძლებლობები აქვს უცხო ქვეყნებში რეალიზების, როგორც ქართულ ღვინოს. შესაბამისად, ამ მიმართულების გაუმჯობესებისთვის, ისეთ აქტივობებს, როგორიც “ჭაჭის ფესტივალი” იყო ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

შეგახსენებთ, რომ თელავში გამართულ „ჭაჭის ფესტივალზე“ მონაწილეები 2 ნომინაციაში – საუკეთესო გლეხური ჭაჭა და საუკეთესო ქარხნული ჭაჭა – გამოვლინდნენ. საუკეთესო გლეხური ჭაჭის ოქროს მედალოსნის ნაწარმი კი სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინიციატივით, მისი რეალიზება ამერიკის ბაზარზე მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები