„მან იბრძოლა კეთილი ბრძოლა, დაასრულა სარბიელი და შეინარჩუნა რწმენა“ – ანტიოქიის პატრიარქი ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის ასურული მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, უწმინდესმა იგნატიუს აფრემ II-მ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიო მუჯირს, წმინდა სინოდსა და ქართველ მრევლს ოფიციალური წერილით მიმართა.
პატრიარქი აფრემ II ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ილია II-ის გარდაცვალების გამო და ხაზს უსვამს მის მრავალწლიან ღვაწლს.
როგორც წერილშია აღნიშნული, ილია II ათწლეულების განმავლობაში ერთგულად მსახურობდა ქრისტეს ვენახში და იყო „გონიერი განმგებელი საღვთო საიდუმლოებისა“.
სირიის პატრიარქი იხსენებს მის სიმშვიდეს, თავმდაბლობასა და სამოციქულო სიმამაცეს, რომლითაც იგი უძღვებოდა სამწყსოს განსაცდელებისა და ცვლილებების დროს.
უწმინდესი იგნატიუს აფრემ II, სირიის ეკლესიის წმინდა სინოდისა და მრევლის სახელით, თანაგრძნობას უცხადებს სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
„მან იბრძოლა კეთილი ბრძოლა, დაასრულა სარბიელი და შეინარჩუნა რწმენა. დარწმუნებულნი ვართ, რომ კეთილმა მწყემსმა, რომელსაც იგი ასე ერთგულად ემსახურა, მიიღო მისი სული თავის საუკუნო სასუფეველში“, – ნათქვამია ოფიციალურ მიმართვაში.
სირიის პატრიარქი ლოცულობს საქართველოს ეკლესიის ერთობისა და მშვიდობისთვის ამ მძიმე წუთებში.