ხაშურის შემოვლით გზაზე ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს

E60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი 2 მონაკვეთადაა დაყოფილი. პირველ მონაკვეთზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, ხოლო მეორე მონაკვეთზე, შეჩერებული სამუშაო პროცესის განახლების მიზნით, მსოფლიო ბანკთან სხვადასხვა საკითხის განხილვა და მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

- რეკლამა -

- რეკლამა -

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, გარდამტეხი პროგრესია მიღწეული ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთზე. წლის ბოლოს 5,8 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება, ხოლო 2020 წლის ივლისში ხაშურს ექნება შემოვლითი 13 კმ-იანი ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური გზა. ახალი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე დაიწყება და სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან დაურთდება არსებულ გზას.

ამ დროისთვის, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის პირველ მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის საფარის დაგება და სახიდე გადასასვლელების მშენებლობა მიმდინარეობს.

ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზა, რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მიდის. ამ გზით, ჩრდილოეთიდან გვერდს ავუვლით ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და გამოვალთ რიკოთის გვირაბთან. ეს მონაკვეთი ერთ-ერთი ურთულესია. პროექტის ფარგლებში აშენდება: 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები