„გააგრძელე ისტორია, გაიმარჯვე“ – გურიაში ძუძუს კიბოს წინააღმდეგ აქცია-პერფორმანსი გაიმართა
„გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ ბენეფიციარების მხარდასაჭერი აქცია-პერფორმანსი ლანჩხუთის სოფელ ნინოშვილში, ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართა. აქტივობები ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისოდ აღიარებული თვის, „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში გაიმართა.
„გააგრძელე ისტორია, გაიმარჯვე“ – ეს იმ აქცია-პერფორმანსის სლოგანია, რომელშიც „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ წევრებთან ერთად, ჟურნალისტებმა და ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბის წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა. მათ „მარიგოლდის“ გათანამედროვებული ქართული ნაციონალური სამოსი მოირგეს.
სუფსელი ვერა მეგრელიშვილი სამი წელია, რაც „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ წევრია და როგორც თვითონ ამბობს, ძალიან მნიშნველოვანია მსგავსი ღონისძიებების გამართვა. მისთვის კლუბი მეორე ოჯახივითა, სადაც პრობლემების დავიწყებაა შესაძლებელი.
„რა თქმა უნდა, მსგავსი აქციები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენნაირი ქალებისთვის. ასეთი სულიერი ტრამვა გადავიტანეთ. სამი წელია კლუბის წევრი ვარ, ეს ჩემმა მკურნალმა ექიმმა, რუსუდან ჩხაიძემ გამომაგზავნა ამ კლუბში მე. იცოდა ჩემი მდგომარეობა და მითხრა, შენ იქ გახალისდებიო. დავეთანხმე და მივედი. დამხვდა მზია კვირკველია, კლუბის ხელმძღვანელი, ძალიან თბილად. რა თქმა უნდა, გავხალისდი, შევიძინე ახალი მეგობრები. ძალიან თბილი, ძალიან კარგი ხალხი. თუნდაც წლების მერე, ვერ შევძლო ამ კლუბში მისვლა, ეს ხალხი ჩემს გვერდით იქნება, ტელეფონით შევეხმიანები და ვიმეგობრებთ. კარგია, ვინც არ იცის ეს, ჩვენნაირმა ქალებმა, მოვიდნენ კლუბში და მიხვდებიან რამდენად სასიამოვნო და კარგია. ასეთი ღონისძიებებიც ძალიან კარგია. ჩვენი ოჯახები ამით მიიღებენ სიამოვნებას, დარჩება ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს – აი ჩვენი დედა, ბებია, ასეთ კარგ სიტუაციაში იყო, მხიარულად იყო, მის პრობლემას სძლევდა ამითო“, – ამბობს ვერა მეგრელიშვილი.
მზია კვირკველია, „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ ლანჩხუთის რეგიონული კლუბის ხელმძღვანელია, ის აქტიურად უდგას გვერდში კლუბში გაერთიანებულ ქალბატონებს.
„ჩემს კლუბში 36 ქალბატონია გაერთიანებული. კლუბს აქვს პროგრამა, რომელიც არის ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციისთვის. კვირაში ერთხელ ვიკრიბებით, ვერთიანდებით, ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს აზრებს, ვუდგევართ მხარში. გვაქვს ფსიქოლოგის ტრენინგები, ვარჯიშები, კულტურული ღონისძიებები, ამ აქტივობებით ვცხოვრობთ. ეს არის ერთი დიდი ოჯახი, რომელშიც დიდმა ტკივილმა გაგვაერთიანა“,- ამბობს „რეგიონულ კვირასთან“ მზია კვირკველია.
თამარ ნადირაძე, ქართული ბრენდის – „მარიგოლდის“ დამფუძნებელია, მისი კომპანია უკვე მე-5 წელია „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ მხარდამჭერია და მის ბენეფიციარებს ეხმარება.
„კიბო განაჩენი ნამდვილად არ არის და ეს ღონისძიება ზუსტად ამის დასტურია. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო მედიას, რომლებიც ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ ჩაერთვნენ ამ ღონისძიებაში. ჩვენ ხუთი წლის წინ გახლდით ლანჩხუთში, სადაც შედგა ეს საქველმოქმედო ღონისძიება და ისინი დადგნენ ამ ქალბატონების გვერდით. დღეს, ხუთი წლის შემდეგაც, ისევ თქვენთან ვართ, ქართულ ბრენდ „მარიგოლდთან“ ერთად, სადაც მონაწილეობენ მედიის წარმომადგენლები, მსახიობები. მე მინდა მათ მადლობა გადავუხადო. თქვენ, ჟურნალისტები ხართ პირდაპირი გზავნილი მთელ მოსახლეობასთან. იმ ადამიანებთან, ვისაც ჯერ კიდევ ეშინიათ. აქვთ შიში, აქვთ დაძაბულობა ფსიქოლოგიურად, რომ ვაი და ისინი არ გადარჩებიან. ეს არის პირდაპირი სათქმელი, რომ ნახეთ, შეხედეთ ამ ქალბატონებს, „გამარჯვებულ ქალთა კლუბის წევრებს“, რომლებმაც გადალახეს ავადმყოფობა და დღეს ისინი ლაღები და ბედნიერები არიან. ჩვენ მათ გვერდით ვართ მთელი ამ წლების განმავლობაში“, – აღნიშნა თამარ ნადირაძემ.
ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმიდან მედიის წარმომადგენლებმა და „გამარჯჯვებულ ქალთა კლუბის წევრებმა ლანჩხუთის ცენტრალურ სტადიონზე გადაინაცვლეს, სადაც ფოტოები ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო გუნდის წევრებთან ერთად გადაიღეს. ფოტოსესიის მიზანი ძუძუს კიბოს ირგვლივ გავრცელებული არასწორი სტიგმის დამსხვრევა, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის ჩვენება და მკერდის კიბოს დიაგნოზით ცხოვრების თავისუფლად გაგრძელების ასახვა იყო.
„გამარჯვებულ ქალთა კლუბი“ 2009 წელს თბილისში დაფუძნდა და ის 600-ზე მეტ ქალს აერთიანებს, რომლებმაც სარძევე ჯირკვლის კიბო დაძლიეს. ორგანიზაცია არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც – ლანჩხუთი, ჩოხატაური, ამბროლაური, ონი, გურჯაანი, თელავი, ყაზბეგი, სურამი და სხვ. ფუნქციონირებს. კლუბი ბენეფიციარების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციასა და მათი შემდგომი რესოციალიზაციის ხელშეწყობაზე ზრუნავს.