გორის მულტიფუნქციური ცენტრისა და რამდენიმე სკოლის არქიტექტურული კონცეფციების საკონკურსო სხდომა გაიმართა

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე არქიტექტურული საპროექტო კონცეფციების გამოსავლენად გამართულ საკონკურსო კომისიის მორიგ სხდომას დაესწრო, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაიმართა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე კომისიამ განიხილა, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ არქიტექტურულ კონკურსებში წარმოდგენილი არქიტექტურული კონცეფციების წინადადებები გორის მულტიფუნქციური სპორტული ცენტრის, თბილისის 157-ე საჯარო სკოლის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარისა და აბაშის საჯარო სკოლებისთვის.

გორის მულტიფუნქციური ცენტრი იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული და კულტურული სივრცე, გათვლილი დაახლოებით 1000 მაყურებელზე. კომპლექსის არქიტექტურული კონცეფციის შესარჩევად 6 სხვადასხვა წინადადებაა წარმოდგენილი. პროექტის მიზანია, გორში შეიქმნას რეგიონული მნიშვნელობის სპორტულ-რეკრეაციული ცენტრი, სადაც შესაძლებელი იქნება როგორც სპორტული შეჯიბრებების, ისე კულტურული ღონისძიებების ჩატარება.

თბილისის 157-ე საჯარო სკოლის მშენებლობისთვის წარმოდგენილი იყო 4 არქიტექტურული წინადადება. სკოლა განკუთვნილია 1600-მდე მოსწავლისთვის და მოიცავს თანამედროვე სასწავლო სივრცეებს, ლაბორატორიებს, სპორტულ დარბაზსა და რეკრეაციულ ზონებს.

აბაშის საჯარო სკოლისთვის, რომელიც გათვლილია დაახლოებით 450 მოსწავლეზე, საკონკურსო კომისიამ განიხილა 8 ესკიზური პროექტი. რაც შეეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლას, რომელიც განკუთვნილია დაახლოებით 150 მოსწავლისთვის, წარმოდგენილი იყო 6 საპროექტო წინადადება. კომისიამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო წარმოდგენილი ესკიზების თავსებადობას გარემოსთან და განათლების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ თანამედროვე სასწავლო სტანდარტებთან.

საკონკურსო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმარულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე, ფონდის შესაბამისი სამსახურების, საქართველოს პარლამენტის, განათლებისა და სპორტის სამინისტროების, არქიტექტორთა კავშირის და შესაბამისი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.

საკონკურსო კომისია გამარჯვებულ კონცეფციებს რამდენიმე დღეში გამოავლენს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიზანია კონკურსის გზით მიიღოს მაღალი არქიტექტურული და ფუნქციური ხარისხის პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს როგორც განათლების, ისე სპორტის სფეროს განვითარებას რეგიონებში და შექმნის ღირსეულ, თანამედროვე გარემოს ახალგაზრდებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები