წითელი ჯვარი: მსოფლიო ლიდერებს მოვუწოდებთ, სუდანში მკვლელობების შესაჩერებლად იმოქმედონ

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) პრეზიდენტმა დღეს მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, მიიღონ გადამწყვეტი ზომები სუდანში მშვიდობიანი მოსახლეობის განურჩეველი მკვლელობების შესაჩერებლად. ამასთან, მან ელ-ფაშერსა და ქვეყნის სხვა ნაწილებში არსებულ ვითარებას „ჰუმანიტარული კატასტროფა“ უწოდა.

„სუდანში ომის წესების საშინელი დარღვევების მოწმენი ვართ, რაც გამართლებული არ არის. არცერთი პაციენტი არ უნდა მოკლან საავადმყოფოში და არცერთი მშვიდობიანი მოქალაქე არ უნდა დახვრიტონ სახლიდან გაქცევის მცდელობისას. ეს საშინელი თავდასხმები უნდა შეწყდეს და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა მირჯანა სპოლიარიჩმა.

მისივე თქმით, მშვიდობიანი მოსახლეობა განიცდის „სასტიკ თავდასხმებს, გაბატონებულ სექსუალურ ძალადობას და აუცილებელი სერვისების განზრახ განადგურებას“. მანვე დასძინა, რომ საავადმყოფოები და ჯანდაცვის ცენტრები, „რომლებიც ოდესღაც სიცოცხლის გადარჩენას ემსახურებოდნენ, სიკვდილისა და განადგურების ადგილებად იქცა”.

სპოლიერიჩის თქმით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა არაერთხელ მოუწოდა მეომარ მხარეებს, პატივი სცენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, თუმცა დარღვევები კვლავაც გრძელდება.

წითელი ჯვრის პრეზიდენტმა, ასევე, დაგმო ჰუმანიტარულ მუშაკებზე ბოლოდროინდელი თავდასხმები და აღნიშნა, რომ „მხოლოდ ამ კვირაში, ჩრდილოეთ კორდოფანში, სუდანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ხუთი კოლეგა დაიღუპა“.

„ლიდერებმა ახლა პოლიტიკური გამბედაობა უნდა გამოიჩინონ მკვლელობების შესაჩერებლად“, – თქვა მან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა სახელმწიფოს ევალება დაიცვას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და უზრუნველყოს, რომ სხვებმაც იგივე გააკეთონ.

შეგახსენებთ, სუდანში კონფლიქტი 2023 წლის აპრილში დაიწყო, როდესაც ქვეყნის მთავარი სამხედრო ძალები — არმია და ეროვნული დაცვის ძალები (Rapid Support Forces) — ერთმანეთს ძალაუფლებისთვის დაუპირისპირდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები