დავით კოდუა: ჩვენი ამოცანაა ზუგდიდის ადგილობრივმა თვითმმართველობამ საზოგადოების ძალიან მაღალი ჩართულობით, გამჭირვალედ და ეფექტიანად იმუშაოს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ზუგდიდის ახალი მერი დავით კოდუა ზუგდიდის მერიის სამსახურების უფროსებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსა და პროექტებს რისი განხორციელებაც უახლოეს პერიოდში მოხდება.
სახელმწიფო რწმუნებულმა შეხვედრაზე მოქალაქეთა ჩართულობის ზრდაზე და საჭიროებებზე დროულ რეაგირებაზე გაამახვილა ყურადღება.
„ზუგდიდის ახალი მერი მუნიციპალიტეტის მმართველობაში კონკრეტული გეგმებით მოდის, რათა მერია კიდევ უფრო მოქნილ, გამოწვევებზე და საჭიროებებზე უსწრაფესი რეაგირების მქონე უწყებად იქცეს.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ნებისმიერი პროექტისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი თითოეული ლარის გამჭვირვალობას ეხება, თვითმმართველობებისთვისაც მკაფიო მაგალითი იქნება. ამ მიდგომებს ჩვენი მუნიციპალური სამსახურები პრაქტიკაშიც განახორციელებენ”, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
მისივე განმარტებით, ზუგდიდის ახალი მერი დავით კოდუა დიდი გამოცდილებითა და საქმის კეთების მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ცენტრალური ხელისუფლების დიდი მხარდაჭერით კი ზუგდიდისთვის ერთობლივად მნიშვნელოვანი საკითხების განხორციელებას შეძლებენ.
დავით კოდუას განმარტებით, ზუგდიდის მერია უნდა იყოს მეტად მოქნილი, საჭიროებებზე და გამოწვევებზე რეაგირება უნდა იყოს უსწრაფესი, საზოგადოებასთან ურთიერთობა და თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობა მაღალ დონეზე უზრუნველყოფილი. ამიტომაც ახალი მერის განცხადებით, სხვადასხვა მიმართულებით ცვლილებებს და გუნდის გაძლიერებას გეგმავს.
„ჩვენი ამოცანაა, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ზუგდიდის ადგილობრივმა თვითმმართველობამ საზოგადოების ძალიან მაღალი ჩართულობით, ეფექტიანად იმუშაოს. თითოეული პროექტი, ნებისმიერი საკითხის მოსაგვარებლად გამოყოფილი თითოეული ლარი გამჭირვალე იქნება და ამ პროცესში ჩვენი მოქალაქეები თავად იქნებიან ჩართული.
დიდია ის პასუხისმგებლობა, რაც მმართველმა გუნდმა ჩემზე არჩევანის შეჩერებით, ზუგდიდელებმა კი უდიდესი მხარდაჭერით გამომიცხადეს. წარმატებები ჩემს ზუგდიდსა და ზუგდიდელებს, თითოეულ სიტყვას საქმით დაგანახებთ!”, – აცხადებს დავით კოდუა.
