კონსტანტინე ზარნაძე: დარწმუნებული ვარ, რომ ის პოლიტიკური სარეველა, რომელიც ჩვენს სამშობლოს ახრჩობს, ერთხელ და სამუდამოდ მოისპობა
„დარწმუნებული ვარ, რომ მომავალო ოთხი წელი ამ ქალაქისთვის საუკეთესო იქნება. ის პოლიტიკური სარეველა კი, რომელიც ჩვენს სამშობლოს ბოლო პერიოდის განმავლობაში ახრჩობს, ერთხელ და სამუდამოდ მოისპობა და ეს ქვეყანა დაისვენებს“, – განაცხადა თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, კონსტანტინე ზარნაძემ, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
„თუკი ჩვენი ოპონენტები დაინტერესდებიან, თუ რატომ არიან წარმოდგენილი დედაქალაქის საკრებულოში ამ რაოდენობით პარტია „ქართული ოცნების“ წევრები, ვუპასუხებ, რომ ჩვენსა და მათ შორის იმხელა განსხვავებაა მორალურად, რამხელაც ადამიანობასა და არაადამიანობას შორის.
აქამდე მათ უსამშობლოებს, უღმერთოებს ვეძახდით, ახლა კი აღმოჩნდა, რომ ლეშიჭამია სვავებიც არიან, რომლებსაც ადამიანის სიცოცხლე არაფრად უღირთ. მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო შეიძლება ადამიანი და მისი ოჯახი არ დაინდონ და ისეთი სიტყვებით მოიხსენიონ ისინი სოციალურ ქსელში, როგორი სიტყვებითაც იხსენიებდნენ ერთ-ერთ ჩვენს მეგობარს და თანამებრძოლს, რომელიც უდროოდ წავიდა ამ ქვეყნიდან“, – განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.
კონსტანტინე ზარნაძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ სწორედ ე.წ. სინდისის პატიმრებიდან მოდიოდა ეს შემზარავი ფაქტი და დედაქალაქის მერს კახა კალაძეს მიმართა:
„ჩვენი გუნდის სახელით მივმართავ პარტიის გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს, გთხოვთ, ის საქმე, რომელიც დაიწყეთ პოლიტიკურად მათი განადგურების ნაწილში, მიიყვანოთ ბოლომდე. იცოდეთ, გვერდით გიდგავართ და ჩვენ უკან ძალიან ბევრი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ ბევრად კარგ სახელმწიფოში მათ გარეშე, ჩვენი ქვეყნის განვითარების მაჩვენებელი კი სულ მალე გაორმაგებული და გასამმაგებული იქნება“, – განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.
