ევროკავშირის წარმომადგენლობა: ბოლო ათწლეულების განმავლობაში, Erasmus+ პროგრამის მეშვეობით 13 000-ზე მეტმა სტუდენტმა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენელმა საქართველოდან, ისწავლა და გაიარა ტრენინგები ევროპაში

,,ბოლო ათწლეულების განმავლობაში, Erasmus+ პროგრამის მეშვეობით 13 000-ზე მეტმა სტუდენტმა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენელმა საქართველოდან, ისწავლა და გაიარა ტრენინგები ევროპაში”,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მათი მგზავრობის, სწავლისა და ცხოვრების ხარჯები სრულად იყო დაფინანსებული ევროკავშირის მხრიდან.

,,ამ გაცვლებმა კარი გაუღო განათლებასა და ინოვაციებს, რაც ახალგაზრდებს საქართველოდან დაეხმარა ახალი უნარების, პერსპექტივებისა და კარიერული შესაძლებლობების შეძენაში.

Erasmus Mundus პროგრამის მიერ ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების სტიპენდიით 290-მა ქართველმა სტუდენტმა ისწავლა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში – რამაც მათ აკადემიურ წარმატებასა და პროფესიულ ზრდას შეუწყო ხელი.

ამავდროულად, 22 000-ზე მეტმა ახალგაზრდამ საქართველოდან, მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ “ახალგაზრდების სასწავლო მობილობაში”, კულტურულ პროექტებსა და სასწავლო პროგრამებში, რაც დიალოგს, ჩართულობას და საერთო ევროპული ღირებულებების გაზიარებას აძლიერებდა.
ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, პარტნიორ ქვეყნებს შორის საქართველო მე-4 ადგილზეა Erasmus+ პროგრამის საშუალებით გამავალი მობილობის მხრივ – რაც ასახავს საქართველოს მოქალაქეების სურვილს მიიღონ ცოდნა, გამოცდილება დაამყარონ კავშირები ევროპაში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები