ვინ არის 23 წლის ახალციხელი ოფიცერი, რომელიც ამერიკის არმიაში მსახურობს

ახალციხელი გიორგი ჩილინგარაშვილი ექვსი წელია კონექტიკუტის შტატში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ახალგაზრდა მამაკაცი ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში სწავლობდა, თუმცა იმის გამო, რომ საქართველოდან წასვლა მოუწია, მეთორმეტე კლასი ამერიკულ სკოლაში დაამთავრა. აშშ-ში თავდაპირველად მამა, 2002 წელს წავიდა. ათი წლის შემდეგ კი ორივე ვაჟი წაიყვანა, მოგვიანებით ქმარ-შვილთან დედაც ჩავიდა.
უნივერსიტეტი ციფრული მარკეტინგისა და ანალიტიკის სპეციალობით, რამდენიმე თვის წინ დაამთავრა. გიორგის მსგავსად, მისი ძმაც ამერიკის ერთ-ერთ შტატში მსახურობს.
როგორც გიორგი “რეგიონულ კვირას” უყვება, საქართველოდან წასვლის შემდეგ, ბევრი პრობლემა შეექმნა. ახალციხეში ცხოვრების პერიოდში, ის სპორტით იყო დაკავებული. ჭიდაობას თავი არც აშშ-ში გადასვლის შემდეგ დაანება. სწავლასთან ერთად, მას რამდენიმე ადგილზეც უწევდა მუშაობა.
„იმ სკოლაში სადაც ჩვენ ვსწავლობდით, გადასახადი მაღალი იყო. ამიტომ სწავლასთან ერთად მე და ჩემს ძმას მუშაობაც გვიწევდა, რადგან მშობლები ნაკლებად შეგვეწუხებინა ფინანსურ საკითხებში. სკოლისა და ჭიდაობის შემდეგ სამსახურში მივდიოდი. მაკდონალდსშიც ვმუშაობდი, განცხადებებს ვეძებდი ინტერნეტში და შაბათ-კვირასაც სხვადასხვა საქმეზე დავდიოდი სამუშაოდ“,- გვიყვება გიორგი.

ამერიკის არმიის ქვეითთა ოფიცერი რამდენიმე თვის წინ გახდა. 23 წლის ახალციხელმა ბიჭმა ოფიცრის წოდება წვრთნებისა და თავდაუზოგავი ვარჯიშის შედეგად მოიპოვა.
„ჩემი სამხედრო კარიერა 21 წლის ასაკში დაიწყო. ბავშვობიდან მინდოდა სამხედრო სამსახურში ვყოფილიყავი, ამიტომ ყველაზე კარგი ვარიანტი ამერიკის ეროვნული გვარდიის რეზერვში, რიგითად წასვლა იყო“, – იხსენებს გიორგი ჩილინგარაშვილი “რეგიონულ კვირასთან”.
ახალციხელ ბიჭს საცოლეც ჰყავს, რომელიც 2019 წლის მაისში დანიშნა.

 

„ხელი იმ დღეს ვთხოვე, როცა ოფიცერი გავხდი. მომავალ მეუღლეს ჩემს წარმატებულ სამხედრო კარიერაში დიდი წვლილი მიუძღვის“, – ამბობს გიორგი.
გიორგი ჩილინგარაშვილის სამომავლო გეგმები ამერიკას და მის პოლიტიკას უკავშირდება. ამბობს, რომ აშშ-ის პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას აპირებს. კითხვაზე დაუბრუნდება თუ არა ახლო მომავალში საქართველოს, ამერიკის ჯარის ქართველი ოფიცერი გვპასუხობს, რომ პასუხი, ჯერჯერობით, არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები