სოფიო ქაცარავა: ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინიტრისგან საქართველომ მიიღო მხარდამჭერი გზავნილები ყველა მნიშვნელოვან საკითხზე
გიორგი გახარიას ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში იყო წარმატებული, არამარტო იმიტომ, რომ შეფასდა ისტორიულად, რადგან პრემიერ-მინისტრების დონეზე ეს იყო პირველი ორმხრივი ვიზიტი, არამედ ასევე იმ ძალიან პოზიტიური გზავნილებისა და სამომავლო თანამშრომლობის პრაქტიკული პერსპექტივის გათვალისწინებით, – ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ.
მისი თქმით, ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინიტრისგან საქართველომ მიიღო მხარდამჭერი გზავნილები ყველა მნიშვნელოვან საკითხზე.
“მან ხაზი გაუსვა საქართველოში ბოლო წლებში გატარებულ რეფორმებს და განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, სავაჭრო ეკონომიკური და ტურიზმის მიმართულებით. ჩვენი ამოცანაა, გავაძლიეროთ ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ასევე მის წევრ ქვეყნებთან ორმხრივ ფორმატებში, როგორც ეკონომიკური, ასევე ხალხთაშორისი კავშირების გზით. ეს არის შესაძლებლობა და პოტენციალი, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.