ვახტანგ ჭარაია შრომის კოდექსში ცვლილებებზე – მდგომარეობის გაუმჯობესება რეალურმა ეკონომიკურმა პროგრესმა უნდა მოიტანოს და არა მაღალი ხელფასის დაძალებამ

მდგომარეობის გაუმჯობესება რეალურმა ეკონომიკურმა პროგრესმა უნდა მოიტანოს და არა მაღალი ხელფასის დაძალებამ ან/და ზოგადად ბიზნესის კეთების გაძვირების დავალდებულებამ, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა ვახტანგ ჭარამიამ შრომის კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

ვახტანგ ჭარაია შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკაშირებით დიმიტრი ცქიტიშვილის ინიციატივას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ეკონომიკის ექსპერტი განმარტავს, რომ ინიციატივა, რომელიც მინიმალური სახელფასო განაკვეთის ფიქსაციას, სამსახურიდან დათხოვნის კონკრეტული მიზეზის მითითებას, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების რეგლამენტირებასა და სხვა ცვლილებებს ითვალისწინებს სრულიად ფორმალური ხასიათისაა და ბიზნესმენებში გაურკვევლობის გარდა ახალს არაფერს მოიტანს.

„მინიმალური ხელფასი, რომელიც დღეს 20 ლარს უდრის და გასაგებია რომ 90-იანებში მიღებული კანონი ვერ ასახავს 2019 წლის რეალობას, მაგრამ პირობითად 200 ლარის დაწესება რა შედეგს მოგვცემს? თუ არც არაფერს, მაშინ რაღატომ ვკარგავთ ამაზე დროს, თუ ეს თანხა იქნება სიტყვაზე 500 ლარი, როგორ ავუხსნით ამას ბიზნესს? თუ ბიზნესმენების ბედი არ გვადარდებს, რას ვუშვებით ზოგადი ფასების დონეს ქვეყანაში, რომელიც დასაქმებულსაც დაარტყამს და დაუსაქმებელსაც, სკოლის მოსწავლესაც და პენსიონერსაც?!
იგივე ეხება ზეგანაკვეთურ ანაზღაურებასაც. ქვეყანაში სადაც კვალიფიცირებული კადრების ნაკლებობაა და ამასთან ერთად ახალი სამსახურის დაწყება საკმაოდ ჭირს, რატომ ვურთულებთ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობას? ხომ ფაქტია რომ ამ კანონის მიღების გარეშეც, დღესაც ზეგანაკვეთური მუშაობა უნდა იყოს ანაზღაურებადი, მაგრამ ძალიან ცნობილ კომპანიებშიც კი სამწუხაროდ ზეგანაკვეთურზე “უფასოდ” მუშაობა მიღებული პრაქტიკაა, მრავალი მიზეზის გამო დასაქმებულები არ არიან მზად იდაონ თავისი უფლებებისთვის და უარი თქვან დაკავებულ სამსახურზე.

მდგომარეობის გაუმჯობესება რეალურმა ეკონომიკურმა პროგრესმა უნდა მოიტანოს და არა მაღალი ხელფასის დაძალებამ ან/და ზოგადად ბიზნესის კეთების გაძვირების დავალდებულებამ. ცოცხალ-მკვდარია კაპიტალის ბაზარი, ბანკიდან რესურსის მოზიდვის სირთულე და სიძვირე, კვალიფიცირებული კადრების ნაკლებობა და უამრავი პერსპექტიული მიმართულების დაქოქვის მაგივრად, თავს ვიკავებთ ფასადის ცვლილებით… “, – წერს ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები