დონალდ ტრამპმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაცია დაადასტურა
“გასულ ღამეს აშშ-მა მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტს პასუხი აგებინა, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მკვდარია”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი “ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი იყო. მსოფლიოში ყველაზე ძალადობრივი ორგანიზაციის ლიდერი. აშშ ალ-ბაღდადის წლების განმავლობაში ეძებდა. მისი დაკავება ან ლიკვიდაცია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტი იყო. აშშ-ს სპეცრაზმმა სახიფათო ოპერაცია სირიაში ღამით ჩაატარა. ეს ოპერაცია წარმატებული იყო. ალ-ბაღდადის ბევრი თანამზრახველი მოკლულია მასთან ერთად. ის მოკვდა მაშინ, როდესაც გვირაბში გაიქცა. ხალხის ნაწილი ჩაბარდა, ნაწილი კი მოკლეს. 11 ბავშვი უსაფრთხოდ გამოიყვანეს. ალ- ბაღდადის თან სამი შვილი ჰყავდა. გვირაბის ბოლოში მან “შაჰიდის ქამარი“ აამოქმედა და თავი აიფეთქა. მისი სხეული დანაწევრდა და გვირაბი ჩამოიშალა. თუმცა ანალიზებმა დაადასტურეს, რომ ეს ნამდვილად ალ-ბაღდადი იყო“,- აღნიშნა ტრამპმა.
ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია ამერიკულმა მედიამ დღეს გაავრცელა. გამოცემა “Newsweek”-ი წერდა, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ “დიდი ალბათობით“ თეთრ სახლს ინფორმაცია გადასცა იმის შესახებ, რომ სირიაში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში ალ-ბაღდადი ლიკვიდირებულია. “Newsweek”-ის წყაროს თქმით, სპეცოპერაცია 26 ოქტომბერს ჩატარდა, მისი ჩატარების ადგილი კი გარკვეული დროის განმავლობაში ამერიკელი სამხედროების დაკვირვების ქვეშ იყო.