მედიის ცნობით, გერმანიაში დანით თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

გერმანიის დასავლეთ ქალაქ ზოლინგენის ცენტრში დანით თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Bild-ი პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ამჟამად ქალაქის ცენტრში მასშტაბური საპოლიციო ოპერაცია მიმდინარეობს… როგორც ჩანს, ეს დანით თავდასხმას უკავშირდება, რომლის დროსაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, დანაშაულის ადგილზე „სისხლიანი დანა“ ჯერ კიდევ დევს.

ამავდროულად, როგორც Bild-ი იუწყება, ამ ეტაპზე პოლიცია არ მიიჩნევს, რომ საქმე მასობრივ ან ტერორისტულ თავდასხმას ეხება.

„როგორც ჩანს, ჩხუბი დაიწყო, რომელშიც სამი ადამიანი მონაწილეობდა. როგორც ჩანს, ყველა მათგანი დააკავეს“, – წერს გამოცემა.

მედიის ცნობით, დანით თავდასხმას წინ უძღოდა სიტყვიერი შელაპარაკება ორ მამაკაცს შორის, მესამემ კი მათი დაშორება სცადა, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ, სისხლიანი ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილეს ზედა ტანში რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს, ხოლო დანარჩენ ორს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები