იაპონიაში წვიმის შედეგად მე-12 საუკუნის ტაძარი დაიტბორა
იაპონიის აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, ქვეყნის ეროვნული საგანძურის სიაში შესული XII საუკუნის ტაძარი, “სირამიძუ ამიდადო“ დაიტბორა,- ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი “NHK” ავრცელებს.
“NHK”-ს ცნობით, ფუკუსიმას პრეფექტურაში, ქალაქ ივაკიში მდებარე ტაძრისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია, სტიქიის შედეგების აღმოფხვრამდე ის დაიხურა. სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ტაძრიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან წყლის ამოტუმბვას ახორციელებენ. ქალაქის მერმა შესაბამის სამსახურებს ტაძრის დატბორვის მიზეზების გამოძიება დაავალა.
ძლიერი წვიმები იაპონიის აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 25 ოქტომბერს მოვიდა. დღე-ღამეში ცალკეულ რაიონებში მოსულმა ნალექმა თვიური ნორმა შეადგინა. სტიქიის ზონიდან 2000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 10 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 2 კი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული.