არგენტინაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმართება
არგენტინაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმართება. პრეზიდენტის გარდა ქვეყნის მოსახლეობა 130 დეპუტატს და 24 სენატორს აირჩევს,- ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნება და 18:00 საათზე დაიხურება. ხმის მიცემა 16 წელს მიღწეული ყველა მოქალაქისთვის სავალდებულოა.
“ბიბისის” ცნობით, პირველ ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა სულ მცირე 45% უნდა მიიღოს. გამარჯვება შესაძლებელია ხმათა 40%-ის მიღების შემთხვევაშიც, თუმცა ამისთვის კანდიდატი უახლოეს მდევარს სულ მცირე 10%-ით უნდა უსწრებდეს.
პრეზიდენტობისთვის 6 კანდიდატი იბრძვის, თუმცა ძირითადი ბრძოლა მოქმედ პრეზიდენტ მაურისიო მაკრისა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ალბერტო ფერნანდესს შორის გაიმართება.
11 აგვისტოს არგენტინაში საპრეზიდენტო პრაიმერიზი ჩატარდა, რომლის დროსაც პრეზიდენტობის კანდიდატები გამოვლინდა. მემარცხენე-ცენტრისტული კოალიციის წარმომადგენელ ალბერტო ფერნანდესს ამომრჩეველთა 47,65%-მა მისცა ხმა, მემარჯვენე-ცენტრისტ მაურისიო მაკრის კი 32,08%-მა. საპრეზიდენტო პრაიმერიზის შედეგებს არგენტინული პესოს რეკორდული გაუფასურება მოყვა. არგენტინული საფონდო ბირჟის “Merval”-ის საკვანძო ინდექსი რეკორდულად, 37,93%-ით დაეცა, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე კი არგენტინული კომპანიების ფასიანმა ქაღალდების ღირებულება 59%-მდე შემცირდა.