ხარაგაულის საბავშვო ბაღებში მზის მიკრო ელექტროსადგურები დამონტაჟდა

ხარაგაულის საბავშვო ბაღებში უპრეცედენტო პროექტი განხორციელდა. იმერეთის მასშტაბით პირველად,  30 კილოვატამდე, ქსელში ჩართული მზის მიკრო ელექტროსადგური ვარძიის, ხიდრის, წყალაფორეთის, კიცხის და დაბის #1 საბავშვო ბაღებში დამონტაჟდა.

პროექტი  – “ალტერნატიული ენერგიის წყაროები და მისი გავლენა ადგილობრივი თემის განვითარებაზე“ არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ ინიციატივით,  ეკოგრანტების პროგრამის მხარდაჭერით და ხარაგაულის თვითმმართველობის თანამონაწილეობით განხორციელდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ დამფუძნებლის ხათუნა მანჯავიძის ინფორმაციით, დღესდღეობით მსოფლიოში ეკონომიკის სხვადასხვა დარგში უფრო და უფრო მეტად იყენებენ ენერგიის არატრადიციულ ანუ ალტერნატიულ წყაროებს, რომელიც მუდმივად განახლებადია და ნაკლებად აბინძურებს გარემოს.

ხარაგაულის ბაღების გაერთიანების დირექტორის მამუკა ჭიპაშვილის თქმით, მზის ელექტროსდგურების დამონატაჟებით საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხები დაიზოგება, რომელიც მომავალში ისევ ბაღებისა და ბავშვების საჭიროებებზე გადანაწილდება.

პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას, რომელიც დღეს წყალაფორეთის საბავშვო ბაღში გაიმართა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, BP-ისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტი დაფინანსებულია BP-ისა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის პროექტების ფარგლებში. პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, სი-თი-სი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები