საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში გერმანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები, ავღანეთში მიმდინარე “მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ერთობლივი მონაწილეობა და გერმანიის როლი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) წარმატებით იმპლემენტაციასა და შემდგომ განვითარებაში ის მთავარი საკითხები იყო, რაზეც საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის მინისტრებმა ბრიუსელში ისაუბრეს.

ნატოს შტაბბინაში თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ გერმანიის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის ანნეგრეტ კრამპ-კარრენბაუერს მადლობა გადაუხადა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში გერმანიის კონტრიბუციას გაუსვა ხაზი.
ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანელ კოლეგას ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის შესაბამისად თავდაცვის უწყების განვითარების სამომავლო გეგმები და ძირითადი პრიორიტეტები გააცნო და აღნიშნა, რომ პროცესი საერთაშორისო პარტნიორების აქტიურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.

ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში საუბრისას ხაზი გაესვა გერმანიის მხარდაჭერას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესსა და ორმხრივ ფორმატში წარმატებულ პარტნიორობას. მინისტრებმა საერთაშორისო სწავლებებში ქართველი და გერმანელი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობის მნიშვნელობასაც გაუსვეს ხაზი.
შეხვედრის დასასრულს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციის თავდაცვის მინისტრები ორმხრივი თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე სასაუბროდ სამომავლო შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები