ნათია თურნავა: 2014 წლიდან დღემდე “აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში 18,000 ზე მეტი ადამიანი დავასაქმეთ
თელავის სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ” – ი რიგით 114 სასტუმროა, რომელიც სამთავრობო პროგრამით „აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით და სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში განხორციელდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, “აწარმოე საქართველოში” პროგრამით 530-ზე მეტი საწარმო და სასტუმრო გაიხსნა და ჯამში, 18,000 ადამიანზე მეტი დასაქმდა.
„ჩვენი მთავარი საზრუნავი არის დასაქმება, განსაკუთრებით რეგიონებში. თითოეულ ახალ ობიექტს შემოვივლი და ყველგან, სადაც მოხდება ჩვენი მოქალაქეების დასაქმება, პირადად მივულოცავ მათ მეპატრონეებს,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
სსიპ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის, მიხეილ ხიდურელის განცხადებით, სააგენტოს მიერ სასტუმროების მიმართულებით ჯამში 300 მილიონ ლარამდე ინვესტიციაა განხორციელებული.
“სააგენტო “აწარმოე საქართველოშის” ეგიდით ეს უკვე 114-ე სასტუმროა. ეს უკვე მეოთხე განსაკუთრებული შემთხვევაა, როდესაც ჩვენმა ბენეფიციარმა ბრენდული სასტუმროს კომპონენტი გამოიყენა. დაახლოებით 300 მილიონ ლარამდე ინვესტიციაა ჯამში განხორციელებული ჩვენი მხრიდან სასტუმროების მიმართულებით. დასაქმდება დაახლოებით 3000-მდე ადამიანი. ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, როდესაც მზარდი ტურისტული ნაკადი გვაქვს ყოველ წელს”,-განაცხადა სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა.
სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება არამხოლოდ ტურიზმის განვითარებას, არამდე ადამიანების დასაქმებას უწყობს ხელს.
“დიდი კონცენტრაციაა რეგიონების განვითარებაზე, იმისთვის, რომ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვიდეს გარდა დედაქალაქისა. ამიტომ ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ “ჰოლიდეი ინნ”-ი თელავშიც გაიხსნა. ბუნებრივია მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება, რადგან არამხოლოდ ტურიზმის განვითარებას, არამდე ადმიანების დასაქმებას უწყობს ხელს ტურიზმის ინდუსტრიაში”,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
სასტუმროს დირექტორის, ლევან ერისთავის თქმით, ქვეყნისთვის ტურიზმის სფეროს განვითარება ერთ-ერთი სწორად არჩეული სტრატეგიაა.
“რამდენიმე საინტერესო პროგრამამ ჩვენს გუნდს შესძინა იმის ამბიცია, რომ ეს პროექტი განეხორციელებინა. ერთ-ერთი მათგანი იყო, ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა “აწარმოე საქართველოში”, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ განვითარებას ქვეყანაში. ვფიქრობ, რომ ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი სწორად არჩეული სტრატეგიაა”,-განაცხადა ლევან ერისთავმა.