ავთანდილ კასრაძე: „საქართველოს უზბეკეთთან, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობა აკავშირებს“
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე უზბეკეთის რესპუბლიკის IT პარკის აღმასრულებელ დირექტორს ჯახონგირ რადჯაბოვს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები სტარტაპ-ეკოსისტემის, ხელოვნური ინტელექტისა და სხვა მიმართულებით.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის პროგრამული უზრუნველყოფისა და საინფორმაციო ტექნოლოგიური პარკის ადმინისტრაციას შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებას, ორ ქვეყანას შორის ინოვაციური ეკოსისტემების დაკავშირებას, სტარტაპების ორმხრივ თანამშრომლობასა და საერთაშორისო გაფართოების ხელშეწყობას.
„ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისითა და ბიზნესის გაფართოების კუთხით, უზბეკეთი ქართული სტარტაპებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბაზარია. სწორედ ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებებთან ამ მიმართულების თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს სტარტაპებს წვდომა ჰქონდეთ იმ სახელმწიფო სერვისებზე, რომელსაც მათ უზბეკეთის მთავრობა სთავაზობს“ – განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.