ანდრია გვიდიანი: მე-7 ადგილი მსოფლიო ბანკის Doing Business-ის ანგარიშში, ეს არის პოზიტიური სიგნალი უცხოელი ინვესტორებისთვის

მსოფლიო ბანკის Doing Business-ის ანგარიშში, საქართველოს მიერ დაკავებულ მე-7 ადგილს ეკონომისტი ანდრია გვიდიანი ცალსახად პოზიტიურ ფაქტს უწოდებს და აცხადებს,რომ ეს აღიარება ხელისუფლების სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.
 
„თავად ფაქტი რომ რეიტინგში მოწინავე პოზიციაზე ვართ, ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა აქვს, მთელი რიგი მიმართულებებით. შესაბამისად ჩვენ გვაქვს მუდმივ პროგრესზე ორიენტირებული კურსი“, – აცხადებს გვიდიანი.
 
მისივე განმარტებით, ძალიან შთამბეჭდავია ის გარემოება, რომ საქართველო აღნიშნულ ანგარიშში ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებს უსწრებს და უდავო ლიდერია რეგიონში.
 
მისივე მოსაზრებით, აუცილებელია, რომ ხელისუფლება მიღწეულით არ დაკმაყოფილდეს და კვლავაც გააგრძელოს რეფორმები.
 
როგორც გვიდიანი აცხადებს, მსოფლიო ბანკის “ბიზნესის კეთება – 2020”-ის რეიტინგში საქართველოს მე-7 ადგილი ესაა პოზიტიური სიგნალი უცხოელებისათვისაც და გარანტია იმისა, რომ საქართველოში ბიზნესის საკეთებლად ყველა პირობაა შექმნილი. გვიდიანი დარწმუნებულია, რომ საქართველო განვითარების სწორ გზაზეა და ამაზე მეტყველებს არ მარტო აღნიშნული რეიტინგი, არამედ სხვა რეიტინგებიც სადაც საქართველო ასევე მოწინავე პოზიციებზეა.
 
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკის 2020 წლის Doing Business-ის ანგარიშში ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-7 ადგილზეა.მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგს ახალი ზელანდია ლიდერობს, რეიტინგში ბოლო ადგილზე სომალია. რაც შეეხება საქართველოს მეზობლებს. აზერბაიჯანს რეიტინგში 76.7 ქულით 34-ე პოზიცია უჭირავს, სომხეთი კი – 74.5 ქულით 47-ე ადგილზეა.მსოფლიო ბანკი აღნიშნულ რეიტინგს 2003 წლიდან აქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები