კახა კალაძე: მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის განცხადებები არასერიოზულია

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის განცხადებები არასერიოზულია – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებლების განცხადებას, რომლის მიხედვითაც “პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით “ფულის გათეთრების“ ნიშნები ჩანს.

“მე არასერიოზული ვუწოდე ამ ადამიანების განცხადებებს, თუმცა ჩვენ დღემდე ველოდებით აუდიტის მიერ ჩატარებულ კვლევას და დოკუმენტაციის წარმოდგენას. ამასთანავე, ჩვენ მოვისმინეთ, “თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ არაფერი არ ჩატარებულა. ერთადერთი რაც გაკეთდა, ეს იყო დაედგინათ ფასის შესაბამისობა, იმ აქტივების, რასაც ისინი იხდიდნენ. ველოდები ამ დოკუმენტის წარმოდგენას. მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის განცხადებების მიზანი თავისი სავარაუდო დანაშაულისა და შეუსრულებელი ვალდებულებების გადაფარვაა, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, დაკითხვაზე დაბარების შემთხვევაში, ის გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სანამ “პროგრეს ბანკის“ ყიდვის გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, მათ უცხოურ ორგანიზაციას დაუკვეთეს აუდიტი, რომელმაც “პროგრეს ბანკში“ ‘კრიტიკულად არასასურველი მდგომარეობა“ დააფიქსირა. მისივე თქმით, “გაუჩნდათ ეჭვი, რომ ეს იყო ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ტრანზაქციები“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები