დავით სონღულაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ რაშად ისმაილოვს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ რაშად ისმაილოვს შეხვდა, – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანულ მხარეს მასპინძლობისთვის და ხაზი გაუსვა გარემოს დაცვის სფეროში ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას.

„ჩვენ ვაფასებთ საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობას გარემოს დაცვის სფეროში. არსებული პარტნიორობა მნიშვნელოვან მიმართულებებს მოიცავს, თუმცა მისი მეტად გაძლიერების პოტენციალი არსებობს, განსაკუთრებით წყლის რესურსების მართვის, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და კლიმატურ რისკებზე ერთობლივი რეაგირების კუთხით. ჩვენი მიზანია, ამ თანამშრომლობამ რეალური გავლენა მოახდინოს გარემოსდაცვითი პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებაზე“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ბაქოში გამართული კლიმატის კონფერენციის „COP 2024” შედეგებზე და აღნიშნეს, რომ კონფერენცია მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო გლობალური კლიმატის პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით, განსაკუთრებით ფინანსური უზრუნველყოფის და ადაპტაციის მექანიზმების განვითარების კუთხით.

აზერბაიჯანელმა კოლეგამ ორ ქვეყანას შორის ბიომრავალფეროვნებისა და დაცული ტერიტორიების მართვის მიმართულებით არსებულ თანამშრომლობაზე, მათ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარე ერთობლივ საქმიანობაზე ისაუბრა. ხაზი გაესვა ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე განხორციელებულ ერთობლივ პროექტს, რომელიც ქურციკების სახეობის აღდგენას უკავშირდება და წარმატებული გარემოსდაცვითი თანამშრომლობის მაგალითს წარმოადგენს.

დავით სონღულაშვილთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიტაიშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებული მაია თაბაგარი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები