ვაკის გამგეობა რაიონში ორ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს
ვაკის რაიონის გამგეობა წყნეთში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ასევე ცხვედაძის ქუჩაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.
როგორც დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, დაახლოებით, 7 000 კვ.მ ფართობზე საგზაო სამუშაოები იწყება.
„პროექტის პირველ ეტაპზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები განაახლა, მეორე ეტაპზე კი ვაკის რაიონის გამგეობა გზის საფარს, დაახლოებით, 7 000 კვ.მ ფართობზე მთლიანად განაახლებს. შედეგად, ერთკილომეტრიან საგზაო მონაკვეთზე გადაადგილება უფრო კომფორტული და უსაფრთხო იქნება. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 800 000 ლარი დაიხარჯება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ვაკის რაიონის გამგეობა კიდევ ერთ პროექტს ცხვედაძის ქუჩის N60-ის მიმდებარედ ახორციელებს და გრუნტის დამჭერ კედელს აწყობს.
„უსაფრთხოების მიზნით, აშენებული კედლის სიგრძე, დაახლოებით, 86 მეტრი, სიმაღლე კი 10 მეტრამდე იქნება. მთლიანად ტერიტორიაზე 262 ხიმინჯი მოეწყობა და მათი საერთო სიგრძე 2 100 მეტრს შეადგენს. დამცავი კედლის მშენებლობის ღირებულება, დაახლოებით, 675 000 ლარი იქნება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.