მარიამ ქვრივიშვილი – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია, მშენებლობა დაიწყო, ეს კომპლექსური ობიექტი მოიცავს როგორც საპორტო, ისე – მომიჯნავე ინფრასტრუქტურას
ქვეყნისთვის ისტორიული პროექტის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაიწყო, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ანაკლიაში განაცხადა, სადაც ანაკლიის ნავსადგურის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
მინისტრის შეფასებით, პროცესი უკვე საკმაოდ აქტიურ ფაზაშია შესული.
„გასული პერიოდის განმავლობაში ინტენსიური მოლაპარაკებები გვქონდა კონტრაქტორ კომპანიასთან, მასთან ერთად პირველადი კონტრაქტის ღირებულების ოპტიმიზაცია მოვახდინეთ და პროექტი 52 მილიონი დოლარით გაიაფდა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია. ეს იქნება კომპლექსური ობიექტი, რომელიც, ერთი მხრივ, მოიცავს საპორტო, ხოლო მეორე მხრივ – მომიჯნავე ინფრასტრუქტურას, მათ შორის, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას. პროექტის ფარგლებში ასევე აშენდება პორტთან მისასვლელი გზა და რკინიგზა, რაც ნავსადგურის შეუფერხებელ მუშაობას შეუწყობს ხელს. ეს ყველაფერი გარანტიაა იმისა, რომ ანაკლია ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის საპორტო ინფრასტრუქტურაში”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში პორტთან დამაკავშირებელი გზისა და 18-კმ სარკინიგზო ხაზის მშენებლობა დაიწყება.
“მთავრობამ უკვე წარადგინა საქართველოს რკინიგზის 10-წლიანი ისტორიული განახლების გეგმის გეგმა, სადაც აღინიშნა, რომ რკინიგზა ინტეგრირებული სატრანსპორტო – ლოგისტიკური სისტემის ნაწილია, გაზრდილ ტვირთნაკადს კი, რომელსაც რკინიგზა გაატარებს, ძლიერი საზღვაო კარიბჭე ესაჭიროება. სწორედ ამიტომაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი ამ მასშტაბური პროცესის ლოგიკური გაგრძელება და დამაგვირგვინებელი ელემენტი. რკინიგზის გაძლიერება და ანაკლიის განვითარება ურთიერთდამოკიდებულია და ისინი ერთად ქმნიან საქართველოს, როგორც რეგიონის სანდო, ეფექტიან და კონკურენტუნარიან დამაკავშირებელ ჰაბს,” – აღნიშნა მინისტრმა.