კომპანია Jan De Nul N.V. – ის პროექტის დირექტორი: გეგმურად მივყვებით პროექტის გრაფიკს და ფსკერის დაღრმავების სამუშაოები წლის ბოლოსთვის დასრულდება, მიმდინარეობს მზადება 1380 მეტრი სიგრძის ტალღმტეხის მოსაწყობად, რომელიც წლიურ ჭრილში 95 %-ით უზრუნველყოფს ნავსადგურში დიდი გემების მიღება-მომსახურებას

ანაკლიის ნავსადგურში საზღვაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს ვიწყებთ. ამჟამად მიმდინარეობს მზადება ტალღმტეხის მოსაწყობად, – განაცხადა კომპანია Jan De Nul N.V.- ის პროექტის დირექტორმა ერიკ ბეიტსმა, რომელმაც, ქართველ პარტნიორებთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მარიამ ქვრივიშვილს ანაკლიის ნავსადგურში მიმდინარე სამუშაოები გააცნო.
მისი თქმით, კომპანია გეგმურად მიჰყვება პროექტის გრაფიკს და ფსკერის დაღრმავების სამუშაოები წლის ბოლოსთვის დასრულდება.
„ტალღმტეხის მოწყობასთან დაკავშირებული სამუშაოები მომავალი წლის ბოლომდე გაგრძელდება, რის შემდეგაც საზღვაო ინფრასტრუქტურის მთლიანი პროექტი დასრულდება,” – აღნიშნა კომპანია Jan De Nul N.V.- ის პროექტის დირექტორმა.
ერიკ ბეიტსის შეფასებით, ანაკლიის პროექტი მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ Jan De Nul N.V.- ისთვის, ისე საქართველოს ეკონომიკის სტიმულირების თვალსაზრისით. მისი თქმით, ტალღმტეხის მთლიანი სიგრძე 1380 მეტრია, ის წლიურ ჭრილში 95 %-ით ნავსადგურის ღიაობას უზრუნველყოფს და დიდი გემების მიღება – მომსახურებას შეძლებს.
„რაც შეეხება დაღრმავების სამუშაოებს, ჯამში თითქმის 6 მილიონი კუბური მეტრი გრუნტის ამოღებაა დაგეგმილი, რაც კომპანია Jan De Nul N.V.- ისთვის საკმაოდ მასშტაბური პროექტია,” – აღნიშნა ერიკ ბეიტსმა.
Jan De Nul N.V. ევროპული ე.წ. “დიდი ოთხეულში” შემავალი კომპანიაა, რომელიც ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავების და ტალღამტეხის პროექტირება – მშენებლობის სამუშაოებს ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები