“მოგვატყუეს და ცუდად მოგვექცნენ” – ტვიშელი მეღვინეები მამუკა ხაზარაძის კომპანია “როიალ ხვანჭკარას” წინააღმდეგ (ვიდეო)
ლეჩხუმელი მეღვინეები სოფელ ტვიშიდან მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უპირისპირდებიან. კომპანია „როიალ ხვანჭკარამ“, რომლის ერთ-ერთი მეწილე საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ლელოს“ დამფუძნებლები არიან, სოფელ ტვიშის მოსახლეობას დაპირდნენ, რომ 21 მევენახისგან 11 ტონა ყურძენს შეიძენდნენ, თუმცა საბოლოოდ, 5 ტონა მოსავალი მხოლოდ 7 ოჯახისგან შეისყიდეს.
“როიალ ხვანჭკარა” 2011 წელს დარეგისტრირდა. კომპანიას ოთხი მეწილე ჰყავს. მათ შორის ორი, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არიან. კომპანიაში მათი საერთო წილი 97,4 პროცენტს შეადგენს. ადგილობრივები ყვებიან, რომ “როიალ ხვანჭკარამ” ისინი პირველად არ მოატყუა. კომპანია უკვე 5 წელია მოსახლეობას ყოველ ზაფხულს ჰპირდება ყურძნის შესყიდვას, თუმცა რთველის დროს მოსავალს მხოლოდ რამდენიმე ოჯახისგან ყიდულობენ.
ადგილობრივებისთვის გაუგებარი და საეჭვოა თუ რა მიზეზით შეამცირა კომპანიამ 21 კაციანი სია და 12 ტონა ყურძნის მიღებიდან 5 ტონაზე ჩამოვიდა. მეღვინეები თავს მოტყუებულად მიიჩნევენ, რადგან მათ “როიალ ხვანჭკარა” ყურძნის ჩაბარებას დაპირდა თუმცა პირობა არ შეასრულა.
ტვიშის მკვიდრი, მევენახე, მელიტონ ასათიანი “რეგიონულ კვირასთან” ამბობს, რომ კომპანია “როალ ხვანჭკარა” ამგვარად პირველად არ იქცევა და მას მევენახეები სხვა დროსაც მოუტყუებია.
“ეს პირველი შემთხვევა არ არის. ეს “როიალ ხვანჭკარა” თუ “ხვანჭკარა როიალი”, რაღაც კომპიუტერებში დაუდიათ სახელი არ იციანო. სულ არ მაინტერესებს მე მაგათი სახელი. გლეხი კაცი ვარ და ჩემთან თუ მოვა კომპანია მე იმას სახელს არ ვეკითხები. მიგაქვს ჩემი ყურძენი ხო? გამისწორე ჩემი ანგარიში და შენ კარგად, კეთილად იარე ჩემო ბატონო”,- ამბობს მელიტონ ასათიანი.
„როიალ ხვანჩკარა“ ტვიშელი მევენახეების ბრალდებებს უარყოფს. დირექტორის, ნიკოლოზ ჯმუხაძე “რეგიონულ კვირასთან” სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ კომპანიას ყურძნის იმ რაოდენობის, რომლის დაპირებაც თავდაპირველად გასცა, გადასამუშავებლად რესურსი არ აღმოაჩნდა.
“ჩვენ გეგმაში გქონდა 11 ტონა ყურძნის ჩაბარება,არაერთი წელია ტვიშიდან ყურძენი მოგვაქვს,გაკეთებული გვქონდა სამუსაო სია, ამორიჩა 11 ტონის მოცულობის მევენახის რაოდენობა ხარისხისა და მოცულობის მიხედვით,საწარმოო სიმძლავრეების შეფასების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩვენ ფიზიკურად ვერ დავტევდით და გადავამუშავებდით ამ რაოდენობის პროდუქციას და გადავწყვიტეთ 3-4 ტონით შეგვემცირებინა რაოდენობა”,- ამბობს ნიკოლოზ ჯმუხაძე.
მეღვინეები დღეს სოფელ ტვიშში საპროტესტო აქციასაც აანონსებდნენ, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის ჩარევის შემდეგ, მათ რადიკალური ზომებისგან თავი შეიკავეს. გამოსავალი მოიძებნა.
ცაგერის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი გუგავას თქმით, დარჩენილ 25 ტონამდე “ტვიშის ცოლიკაურს” კერძო კომპანია „გიუანი“ და ღვინის მწარმოებელი სახელმწიფო კომპანია “აკურა” შეიძენენ. შესაბამისად, მევენახეები სრულად დაკმაყოფილდებიან.
გუგავამ “რეგიონულ კვირასთან” აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მოცემულ სიტუაციაში მას შემდეგ ჩაერთო, რაც კომპანიამ მევენახეებს პრობლემები შეუქმნა. მისი თქმით, აღნიშნულ კომპანიასთან გასულ წელსაც იგივე პრობლემა იყო და მაშინაც, ხელისუფლების ჩარევა გახდა საჭირო.
“ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ბიზნესში არ ჩაერიოს და ბიზნესი არ იყოს დაჩაგრულ მდგომარეობაში, მაგრამ სიტუაციამ მოითხოვა, რომ ჩავრეულიყავით აღნიშნულ სიტუაციაში. “როიალ ხვანჭკარამ შარშანაც ანალოგიური პრობლემები შექმნა და მაშინაც მოვაგვარეთ”,– აღნიშნა გუგავამ.
ტვიშელი მევენახეები ღვინის მწარმოებელი კომპანიების ნაწილის მიერ დადგენილ ყურძნის ფასსაც აპროტესტებდნენ. მოსახლეობა 1 კგ ყურძენზე 5 ლარის გადახდას ითხოვდა, რაც კომპანიების ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. თუმცა, საბოლოოდ მათ ეს მოთხოვნაც დაუკმაყოფილეს.
კომპანიას რომელმაც ახლა ჩაიბარა ყურძენი “გიუალი” ადგილობრივები ენდობიან, მათი თქმით, აღნიშნული კომპანია ყოველთვის კეთილსინდისიერად იბარებს ყურძენს.