სიღნაღის გალავანი – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი თუ სიცოცხლისთვის საშიში კედელი
კახეთის ერთ-ერთ გამორჩეულ და ტურისტულად მიმზიდველ ქალაქს, სიღნაღს, რომელიც გალავნითაა გარშემორტყმული, სახელმწიფოს მხრიდან ყურადღება სჭირდება. ეროვნული მნიშვნელობის გალავანი, რომელსაც სტატუსი 2006 წელს მიენიჭა, ნგრევის პირასაა. სიღნაღში მცხოვრები, ნანა თოდაძე, რომლის საცხოვრებელ სახლსაც გალავანი საზღვრავს, აცხადებს, რომ გალავანი სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს და მისი რეკონსტრუქცია აუცილებელია. გალავანზე არსებული ბურჯები, რომლებიც ერთ დროს ქართველებს მტრისგან იცავდა, ახლა დაბზარულია და ნაპრალებიდან დიდი ზომის ქვები ცვივა. ნანა თოდაძე „რეგიონულ კვირასთან“ იმ ფაქტსაც იხსენებს, როცა მეზობლის ბავშვი თამაშის დროს გალავნიდან ჩამოვარდნილი ქვისგან სასწაულებრივად გადარჩა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელი, ზურაბ კახეთელიძე განმარტავს, რომ ისტორიული გალავნის რეკონსტრუქციის საკითხი მნიშვნელოვანი და საჭიროა, თუმცა მუნიციპალიტეტს პრობლემის მოსაგვარებლად სახსრები არ გააჩნია.
გარდა აღნიშნული საკითხის მოუგვარებლობისა, ჭავჭავაძის ქუჩის მოსახლეობას საცობების პრობლემაც აწუხებს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ისედაც ვიწრო ქუჩაზე, ერთ-ერთი მოსახლის მიერ საოჯახო ტიპის კაფის მშენებლობამ პრობლემა მეტად გამოკვეთა. საპირისპიროს ამტკიცებს იმ კაფის მეპატრონე, რომლის მისამართითაც ქუჩის მცხოვრებლებმა პრეტენზიები გამოთქვეს. შორენა რობიტაშვილის თქმით, ადგილობრივების მოთხოვნა უსაფუძვლოა და მათი უარყოფითი დამოკიდებულებაც მხოლოდ კონკურენციას უკავშირდება.
ჭავჭავაძის ქუჩაზე რომ პრობლემა ნამდვილად არსებობს, ინფრასტრუქტურის სამსახურშიც აღნიშნავენ, თუმცა ზურაბ კახეთელიძის თქმით, კაფის მშენებლობა კანონიერად, ყველა წესის დაცვითაა განხორციელებული.
სიღნაღის ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფორმაციით, გალავანს რეკონსტრუქცია საუკუნის წინ ჩაუტარდა და მას შემდეგ, ქმედითი ნაბიჯები არც ცენტრალური და არც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხრიდან არ განხორციელებულა. როდის მოგვარდება აღნიშნული პრობლემა, როდის ჩაუტარდება მას რეკონსტრუქცია და შეუქმნის თუ არა დანგრევის პირას მყოფი სიღნაღის გალავანი ადამიანთა სიცოცხლეს საფრთხეს – დროის საკითხია, მანამდე კი გალავნიდან ქვების ცვენა კვლავ გრძელდება.
სალომე გრძელიშვილი