„სიმბოლურია, რომ შემოდგომის ზეიმით მაცილებენ“- ცაგერის საჯარო სკოლაში დამსახურებულ პედაგოგს გაცილების საღამო მოუწყვეს

ცაგერის საჯარო სკოლიდან გერმანული ენის პედაგოგი იზო ხვადაგიანი, რომელმაც სკოლა განათლების სამინისტროს ჯილდოს მიღების შემდეგ დატოვა, პატივითა და „შემოდგომის ზეიმით“ გააცილეს. გაცილების ცერემონიას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის გუბერნატორი – არჩილ ჯაფარიძე, რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატი – გოჩა ენუქიძე, პედაგოგის შვილი, მსახიობი – თემო გოგიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი – ავთანდილ უგრეხელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი გუგავა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის სხვა თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.
სკოლის თითოეულ კლასს ეზოში მოწყობილი ჰქონდა კუთხე ლეჩხუმისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული ელემენტებით, ამზადებდნენ ლეჩხუმურ კერძებს, სიმბოლურად ხდიდნენ არაყს, ამზადებდნენ ფელამუშსა და ჩურჩხელებს, თონეში ხაჭაპურსა და ლობიანს აცხობდნენ.
ცაგერში პედაგოგის გაცილებაზე სპეციალურად ჩამოსულმა სტუმარმა, ტელეწამყვანმა და „მოგზაურობა გიო გაბუნიასთან ერთად“ გადაცემის ავტორმა – გიორგი გაბუნიას თქმით, ლეჩხუმი მისთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი მხარეა საქართველოში და ყოველთვის იყენებს შესაძლობლობას, რომ ცაგერს ესტუმროს.
„ლამაზი დღე გაქვთ და მოლოდინს გადააჭარბა ნანახმა, მე ჩემი მეგობრის, თემო გოგიძის დედის სკოლიდან გაცილების საღამოზე ჩამოვედი და მიხარია, რომ მას ასეთი პატივით აცილებენ. ბავშვები ერთობიან, სოფლის ნობათი გამოაქვთ, სთავაზობენ სტუმრებს, ამზადებენ საოცრებებს და ამ ნოტზე მადლობას უხდიან საყვარელ პედაგოგს. მოხარული ვარ, რომ მე, ჩემი აქ ყოფნით, პატარა წვლილი შევიტანე და მოვხვდი ამ ულამაზეს საღამოზე“, – თქვა გიო გაბუნიამ.
პენსიონერი პედაგოგი იზოლდა ხვადაგიანი 50 წელია ცაგერის საჯარო სკოლაში გერმანულ ენას ასწავლიდა. როგორც თავად გვიყვება, მისთვის ამაღელვებელი და ცრემლისმომგვრელია ეს დღე, მადლიერია ყველასი, ვინც დააფასა და ამ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
„ მე ვერასოდეს დავივიწყებ ამ დღესა და ამ წუთებს. სიმბოლურია, რომ “შემოდგომის ზეიმით” მაცილებენ, მეც ხომ შემოდგომა დამიდგა პედაგოგიურ საქმიანობაში. ამ განცდას ვერაფერი შეედრება. დიდი მადლობა ყველას, ჩემს ბავშვებს, მშობლებს, სკოლის დირექტორსა და თითოეულ ჩემს კოლეგას, ადგილობრივ და მხარის ხელისუფლებას, მე ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი გაცილების ღირსი გამხადეს“, – ამბობს დამსახურებული პედაგოგი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები