მამუკა ხაზარაძე: თადუმაძის უწყება ე.წ ექსპერტებს უხდის ფულს, რომლებსაც შავი პიარისთვის იყენებს

“ჩვენი გადასახადებით თადუმაძის უწყება ე.წ ექსპერტებს უხდის ფულს, რომელსაც იყენებს შავი პიარისთვის”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის “ლელოს” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე უცხოელი ექსპერტების დასკვნასთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძის განცხადების საპასუხოდ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ექსპერტები შეცდომაში შეიყვანეს.

„რაც შეეხება თადუმაძის განცხადებას, რომ პროკურატურა ექსპერტებს ქირაობს, სიტუაცია ასეთია – დღეს ჩვენი გადასახადებით თადუმაძის უწყება ე.წ ექსპერტებს უხდის ფულს, რომლებსაც იყენებს შავი პიარისთვის. მათ რეპუტაციას ჩრდილს არ ვაყენებ. ეს ორი ადამიანი შეცდომაში ჰყავთ შეყვანილი, რადგან მათ მასალები არ წაუკითხავთ, არ იციან ქართული და იმ წერილშიც წერენ, რომ საქმეს არ იცნობენ. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, როცა წერილზე მიდის აპელირება, თარგმანი და დედანი კარგად წაიკითხონ. თადუმაძის უწყება ქირაობს ექსპერტებს, თადუმაძეს ქირაობს ბიძინა ივანიშვილი, როგორც ადვოკატს და როგორც პროკურორს. ხვალ დაიქირავებს, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. ეს უნდა დასრულდეს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

​შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 16 ოქტომბერს გაავრცელა მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის შეფასება ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის საქმესთან დაკავშირებით.

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს გენერალური პროკურორისთვის გაგზავნილ წერილში საერთაშორისო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მათთვის მიწოდებული მტკიცებულებებიდან აშკარად იკვეთება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სქემა, რომლის მიზანიც იყო ბანკისგან მიღებული თანხების დანაწილების შენიღბვა, რაც წარმოადგენდა ფულის გათეთრებას, რომლის პრედიკატი დანაშაული იყო თაღლითობა.

ამასთან, დღეს გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ განმარტა, რომ მაღალი ინტერესის საქმეებზე 2015 წლიდან უცხოელი ექსპერტები წერენ დასკვნებს, რომლებიც მათთვის სარეკომენდაციო ხასიათისაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები