„გორელები იმის ღირსნი არ არიან, რომ სტალინის ძეგლი ედგათ ქალაქში“, – გრიშა ონიანს საკუთარ ეზოში იოსებ ჯუღაშვილის მონუმენტი უდგას

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ სასასში უჩვეულოდ დიდი ძეგლი დგას. თუმცა არა სოფლის ცენტრში, ან თუნდაც, რომელიმე ღირსშესანიშნავ ადგილას. არამედ ერთ-ერთი სახლის ეზოში. ძეგლი ტოტალიტარისტ ბელადს – იოსებ სტალინს ეკუთვნის, სახლი კი, არც მეტი არც ნაკლები – გრიშა ონიანს.
სტალინის ძეგლი „რეგიონული კვირის“ გადამღებმა ჯგუფმა შემთხვევით აღმოაჩინა, როდესაც ამავე სოფელში რეპორტაჟის გასაკეთებლად იყო ჩასული. გრიშა ონიანი რომ სტალინის დიდი მოყვარული და თანამოაზრეა, ყველასთვის ცნობილი ფაქტია, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ საკუთარ ეზოში საყვარელი ბელადის მონუმენტი უდგას.

საზოგადოება „სტალინელის“ თავმჯდომარის მეზობლები „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას ამბობენ, რომ სოფელში ჩამოსული ტურისტები ხშირად ინტერესდებიან ძეგლით და მისი ისტორიით.
„სახლი ცნობილი სტალინისტის, გრიშა ონიანისაა და თავის საკუთრებაში, რასაც უნდა იმას დადგამს. ხშირად ჩამოდის გრიშა თავის მშობლიურ სოფელში. ძეგლი ტურისტების დიდ ინტერესს იწვევს და მათი თავშეყრის ადგილიც არის“, – ამბობს ცნობილი სტალინელის მეზობელი, ლუბა ონიანი.

ისტორიას, როგორ აღმოჩნდა სტალინის ძეგლი ლენტეხის ერთ-ერთ სოფელში, თავად გრიშა ონიანი გვიყვება. თავდაპირველად, ძეგლი ფოთში დაუდგამთ, იქ, სადაც ძველად თეატრი იყო და ახლა ტაძარი დგას. მოქანდაკე ვალენტინ თოფურიაა. ძეგლის წონა, დაახლოებით, 40 ტონამდეა, პედასტალის გარეშე 6 მეტრი სიმაღლისაა და ერთი დიდი თლილი ქვისგანაა ჩამოსხმული.
საზოგადოება „სტალინელის“ თავმჯდომარემ ისიც გვითხრა, რომ ხრუშოვის ბრძანებით 1961 წელს მიწაში ჩამარხული ძეგლი, ცეკა-ს მდივნობის პერიოდში, ამოთხარა და საკუთარ ეზოში დაიდგა.

„1961 წელს, სტალინის მოძულე ხრუშოვი საქართველოში ჩამოდის, ოღონდ ასეთი წინაპირობით: მჟავანაძეს ავალებს საქართველოში არ დახვდეს არცერთი სტალინის მონუმენტი, გარდა გორისა, სადაც ძეგლი მხოლოდ ადგილობრივი ნაციონალური გმირის სტატუსით იქნებოდა დატოვებული. ფოთში სტალინის პედესტალიდან ჩამოხსნის საკითხიც დადგა, ეს საქმე სამხედრო ბაზებზე მყოფ რუს სამხედროებს დაავალეს, სპეცამწეები მიიყვანეს, ჩამოხსნეს და მალთაყვის სამხედრო ბაზაზე ჩაფლეს, თავზე დაახლოებით 500-მდე რაკეტა განალაგეს, რომ ძეგლის ადგილმდებარეობა გასაიდუმლოებული ყოფილიყო, მაგრამ ეს ცერემონია „სალუტების“ ფონზე ჩაატარეს. 40 წლის შემდეგ, 1991 წელს, როცა ცეკა-ს მდივანი ვიყავი, ჩემთან, კაბინეტში რუსი პოლკოვნიკი და სამხედრო ბაზის უფროსი მოვიდა და იმის გამო, რომ ისინი საქართველოში ბაზებს უკვე ტოვებდნენ, მონუმენტის ადგილმდებარეობა გამიმხილა. მითხრა, რამე მოიფიქრე ძეგლის ადგილმდებარეობის შესაცვლელადო. მე, რა თქმა უნდა, სასწრაფოდ წავედი ფოთში, თან გავიყოლე ჩემი მოადგილე გვენცაძე და გიორგი გეგეშიძე, პროფესორი, ფილოსოფოსი. მივედით დანიშნულების ადგილას, გავასუფთავეთ ზედაპირი, ფოთის პორტიდან მოვიყვანეთ სპეცტექნიკა და მონუმენტი ამოვიღეთ, მაშინ იქ უამრავი ფოთელი ადამიანი მოვიდა, ქალაქის ცენტრში დიდი მიტინგიც ჩავატარეთ და ფოთშივე, ჩაის საწყობში მოვათავსეთ, მერე შევარდნაძეს ვთხოვე, სადმე ადგილი შეგვერჩია, დამპირდა, მაგრამ გადატრიალებამ მოგვისწრო. მე მაინც მოვახერხე, ძეგლი კიროვის ქარხანაში ერთ-ერთ საამქროში დავდე, შემდეგ მივხვდი, რომ აზრი აღარ ჰქონდა ვინმესთვის დამეწყო მტკიცება და სტალინის შეყვარება, ავდექი და ჩემს მშობლიურ სოფელში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ სასასში ჩავიტანე“, – იხსენებს ონიანი.
სტალინის მიმდევარი ონიანი, გორში რამდენიმე დღის წინ გამართულ აქციასაც გამოეხმაურა. თვლის, რომ გორში სტალინის ძეგლი არ უნდა დაიდგას, რადგან გორელები „ღირსნი არ არიან ქალაქში მისი ძეგლი ედგათ“.
„გორში გამართულ აქციასთან დაკავშირებით, მე დიდი მოცულობის პოსტი დავწერე, დაახლოებით, 4 დღის წინ, რომელსაც უამრავი კომენტარი და გაზიარება აქვს, პოსტი უცვლელად დაბეჭდა „ასავალ-დასავალმა“, მაგრამ ჩემს განწყობას აქვე გეტყვით -კატეგორიული წინააღმდეგი ვარ გორში ძეგლის აღდგენის. სტალინს არ სჭირდება ნაძალადევად დადგმული ძეგლი, რომ მერე ზედ საღებავები შეასხან. სტალინი ისედაც ხალხის გულშია და გორელები იმის ღირსნი არ არიან, რომ მისი ძეგლი ედგათ ქალაქში“, – თქვა გრიშა ონიანმა.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი იოსებ ჯუღაშვილის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი, ისევდაისევ სტალინის მაშინდელი ტოტალიტარული მისწრაფებების გამო, გრიშა ონიანი და საზოგადოება „სტალინელის“ წევრები დღემდე გულმოდგინედ იცავენ სტალინის ღირსებას და ყოველი წლის 9 აპრილს საბჭოური რეჟიმის სიმბოლიკებით აქციებსაც მართავენ. ეს მაშინ, როცა ქვეყანაში საბჭოთა რეჟიმის სიმბოლიკის გამოყენება კანონით აკრძალულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები