რატომ უთხრეს სომეხ ჟურნალისტებს საქართველოში შემოსვლაზე უარი – შსს განმარტებას აკეთებს

სომხური გამოცემა Epress.am-ის სამ ჟურნალისტს 11 ოქტომბერს საქართველოში შემოსვლაზე უარი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე უთხრეს.

კანონის აღნიშნული მუხლის „ი“ ქვეპუნქტი უარის თქმის საფუძვლად „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებს“ გულისხმობს.
ამის შესახებ „კვირას“ შსს-ში განუცხადეს.

„საქართველოს საზღვრის გადმოკვეთასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს საქართველოს „კანონი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“. ან კანონით მე-11 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე მათ უარი ეთქვათ“, – განმარტეს უწყებაში.

თავად სომეხმა ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ სამება-ბავრას მონაკვეთზე, „ნინოწმინდას“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, მათ 4 საათის განმავლობაში მოუწიათ განმარტებების გაკეთება, თუ რა მიზნით შემოდიოდნენ საქართველოში. ჟურნალისტები ახალციხეში, ახალქალაქსა და თბილისში ადგილობრივ ჟურნალისტებთან, უფლებადამცველებთან და სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან ინტერვიუს ჩასაწერად მოდიოდნენ.
მათი თქმით, ქართველ მესაზღვრეებს განმარტება არ გაუკეთებიათ. მათ უთხრეს, რომ საჭიროა აკრედიტაცია, ინტერვიუს ნებართვა.

ჟურნალისტებმა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ჩააყენეს საქმის კურსში.

უწყების პრესმდივანმა ანა ნაგდალიანმა განაცხადა, „საელჩო ქართველ კოლეგებს დაუკავშირდა, ჩვენი მიდგომა და პრობლემის არსის შესახებ ვაცნობეთ საქართველოს საგარეო უწყებას“.

ნაგდალიანმა აღნიშნა, რომ სომხური მხარე ქართული მხარისგან განმარტებების მიღებას ელოდება, ამის შემდეგ საელჩო შესაბამის განცხადებას გააკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები