“მინდა სხვებს დავუმტკიცო, რომ ამ პროფესიას სქესი არ აქვს” – ღირსების ორდენოსანი ერთადერთი ქალი მეზღვაური

ფოტო: ჟურნალი OK

ბათუმელი მეზღვაური ქალი საქართველოს ღირსების ორდენით პრეზიდენტმა 25 ივნისს, მეზღვაურთა დღეს დააჯილდოვა.

ჯილდო დედას გადასცეს, რადგან ნათია იმ დროისთვის შორეულ ნაოსნობაში იმყოფებოდა.

ნათია ლაბაძე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულია. როგორც აკადემიაში ამბობენ, გოგონა შრომისმოყვარეობით და განსაკუთრებული უნარებით გამოირჩეოდა.

იგი მამრობითი სქესის წარმომადგენელ არცერთ სტუდენტს არ ჩამორჩებოდა და სირთულეების მიუხედავად, ნებისმიერ დავალებას ხარვეზის გარეშე ასრულებდა.

მეზღვაურობა ბავშვობის ოცნება იყო. ჯერ კიდევ ბავშვობიდან გამიჩნდა ინტერესი, როდესაც მამა და ბიძა სხვადასხვა თავგადასავალზე მიყვებოდნენ. დიდხანს არც კი მიფიქრია სად ჩამებარებინა. ჩემს ირგვლივ მყოფებს გადაწყვეტილება გაუკვირდათ“ -გვიყვება ნათია ლაბაძე.

ნათია ბოლო 4 წელია თითქმის სულ ზღვაშია. ახლა ის კაპიტნის მესამე თანაშემწეა, რომლის მოვალეობაშიც გემზე უსაფრთხოება შედის. მას დიდი მიზნები და ოცნებები აქვს – გემის კაპიტნობა უნდა.

“ვერასდროს წარმომედგინა ჩემი თავი ისეთ პროფესიაში, რომელიც დილის 10 საათზე დაიწყებოდა და 18 საათამდე კომპიუტერთან გავატარებდი. ბოლო პერიოდში სხვადასხვა ქვეყნის პორტებში რამდენიმე გოგონა ვნახე, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე სხვა ქვეყნებში აქტუალური გახდა გოგონებში მეზღვაურობა. თუ მეზღვაური მამაკაცი დღის განმავლობაში დაკისრებული მოვალეობის 50-60 პროცენტს ასრულებს, მე 100 პროცენტით ვარ დაკავებული, რათა სხვებს დავუმტკიცო, რომ ამ პროფესიას სქესი არ აქვს. როცა ზღვაში ხარ, ემოციები გვერდით უნდა გადადო და ცივი გონებით უნდა იმოქმედოო“- ამბობს მეზღვაური გოგონა.

პირველ ეტაპზე ნათიასთვისაც ძნელი იყო ოჯახთან განშორება, თუმცა ინტერნეტის დახმარებით, თითქმის ყოველდღიური კონტაქტი აქვს ოჯახის წევრებთან, რაც მათგან შორს ყოფნას არ აგრძნობინებს.

“რაც მეზღვაური გავხდი, მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ , 2008 წელს, აღვნიშნე სახლში დაბადების დღე და ახალი წელი. გემზე დაბადების დღე ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღეა, არაფრით პრივილეგირებული არ ხარ. გააჩნია რომელი ეროვნების წარმომადგენლები არიან ეკიპაჟის წევრები”- ჰყვება ნათია.

ბათუმის მერვე  საჯარო სკოლა ამაყობს თავისი აღზრდილი მოსწავლით და თავიანთ გვერდზე მის შესახებ წერს.

“ჯერ კიდევ მე-6 კლასში იყო ნათია, როდესაც საკონტროლო წერის რვეულში ჩაწერა: ,,მინდა გავხდე მეზღვაური”. ეს სურვილი აიხდინა და ზუსტად იცის, რომ ადრე თუ გვიან ყველა აუცილებლად აიხდენს ოცნებას, თუ საკუთარ თავთან იმუშავებს. ნათიამ დაამსხვრია სტერეოტიპი. იგი ძლიერი და თავისუფალი პიროვნება აღმოჩნდა. არ შეუშინდა მეზღვაურის ცხოვრების არცერთ ბარიერს და დღეს, ჩვენდა სასიქადულოდ, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული, მეზღვაური ქალია”

ფიქრია დავლაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები