ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ზოგად კომპეტენციებში სტანდარტებს 51 თანამშრომელი ვერ აკმაყოფილებდა და მათ ალტერნატიულ პოზიციებზე მიიღეს შეთავაზებები

რეორგანიზაციის ფარგლებში შექმნილი კომისიის მუშაობამ გამოავლინა თანამშრომლები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ ზოგად კომპეტენციებში გარკვეულ სტანდარტებს – მათთვის შესაბამისი სამსახურის მხრიდან განხორციელდა ალტერნატიული პოზიციების შეთავაზება, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაბუნიამ აღნიშნა, რომ არსებული გამოწვევების დაძლევა მხოლოდ მაღალი პროფესიული უნარ-ჩვევების მქონე ადამიანური რესურსითაა შესაძლებელი და მან ისაუბრა რეორგანიზაციის ფარგლებში შექმნილი კომისიის საქმიანობაზე.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მუშაობს მეტად საპასუხისმგებლო მიმართულებებზე, როგორიც არის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, შრომის, დასაქმების და დევნილთა საკითხები. იმ გამოწვევების დაძლევა, რაც დღეს სამინისტროს წინაშე დგას, მხოლოდ მაღალი პროფესიული უნარ-ჩვევების მქონე ადამიანური რესურსით არის შესაძლებელი. რეორგანიზაციის ფარგლებში შეიქმნა კომისია, რომელიც ორიენტიებული იყო კანდიდატების ობიექტურ შეფასებაზე. შეფასების კრიტერიუმები შერჩეული იყო ზოგადი კომპეტენციების გამოსავლენად, რომელიც განსაზღვრულია საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით, როგორც მენეჯერული, ასევე საშუალო და დაბალი რგოლის პოზიციებისთვის“, – განაცხადა გაბუნიამ.

როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, გაბუნიას თქმითვე, კომისიის მუშაობის შედეგად გამოვლინდა 51 თანამშრომელი, ვინც ზოგად კომპეტენციებში გარკვეულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა და მათ შესაბამისი სამსახურიდან ალტერნატიულ პოზიციებზე მიიღეს შეთავაზებები.

„კომისიის მუშაობამ გამოავლინა თანამშრომლები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ ზოგად კომპეტენციებში გარკვეულ სტანდარტებს. ჯამში ასეთ თანამშრომელთა რაოდენობა არის 51. მათთვის შესაბამისი სამსახურის მხრიდან განხორციელდა ალტერნატიული პოზიციების შეთავაზება. ასევე, კანონმდებლობის შესაბამისად, ვისთვისაც ალტერნატიული პოზიცია მისაღები არ აღმოჩნდა, გათვალისწინებული იქნება მობილობის საკითხი. სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდა ზოგიერთი ქვედანაყოფის შერწყმა. ასეთი სტრუქტურა გააუმჯობესებს ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სტრუქტურულ ერთეულებს შორის კოორდინაციას, მეტად ეფექტურს გახდის მუშაობას და თავიდან აგვაცილებს ფრაგმენტაციას და რესურსების გაორებას“, – თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები