“ავტორიტეტებმა პოლიციელებს დაავალეს ზურას შეშინება” – რა გახდა 35 წლის მამაკაცის მკვლელობის მიზეზი

რუსთავში განსაკუთრებული სისასტიკით მომხდარი მკვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხელ კვალზე გახსნა. ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკვე დაკავებულია 5 პირი. “რეგიონულმა კვირამ” გახმაურებული საქმის ახალი დეტალები გაარკვია. არსებული ინფორმაციით, 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის მიზეზი ე.წ “ქურდული ობშიაკი” გახდა.
როგორც ანონიმური წყარო “რეგიონულ კვირას” უყვება, გარდაცვლილმა ე.წ “ობშიაკი” მიითვისა, რის გამოც იყო მიმალვაში საზღვარგარეთ. წყარო სახელსა და გვარს შეგნებულად არ ამხელს, რადგან თვლის, რომ ამ შემხვევაში მისი სიცოცხლეც საფრთხის ქვეშ იქნება. 

“როგორც ვიცი “ობშიაკი” მიითვისა და ავტორიტეტებმა პოლიციელებს დაავალეს ზურას შეშინება, მაგრამ მოკვლა იყო თუ არა დაგეგმილი ვერაფერს გეტყვით. ესეც ხალხის ლაპარაკიდან ვიცი. სულ ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან და ხალხში ხშირად არ ჩნდებოდა ხოლმე. ხაშურში, სადაც ცხოვრობდა და აქაც, სულ დადებითად ახასიათებს ხალხი”,– განაცხადა წყარომ.
ცნობისთვის, 35 წლის მამაკაცის ცხედარი მდინარე მტკვარმა ორი დღის წინ გამორიყა. გამოძიებით დადგინდა, რომ დავით მუმლაძე წინასწარ განზრახვით რამდენიმე პირმა გაიტაცა, ცივი იარაღით 30-მდე ჭრილობა მიაყენა და ცხედარი მდინარეში ჩააგდო. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 109-ე, 143-ე და 370-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები