რა დროს ჯარიმდებიან „შმაქსისტები“ – „მოდიან გამწარებული ადამიანები, რომლებსაც ოჯახის რჩენის ერთადერთი საშუალება წაართვა მერიამ“

„გირჩის“ თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას ინფორმაციით, “შმაქსიში“ გაწევრიანების მსურველთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. „გირჩის“ პროექტთან დაკავშირებით ხვიჩიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„მოდიან მართლა გამწარებული ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ოჯახის რჩენის ერთადერთი საშუალება წაართვა ქალაქის მერიამ, ადამიანები, რომლებიც საკუთარ ოჯახებს უვლიდნენ იმით, რომ ადამიანებს ემსახურებოდნენ A წერტილიდან B წერტილამდე გადაყვანაში. მოვიდა თბილისის მერია და უთხრა, თქვენ ეს არ უნდა აკეთოთ, ეს თეთრად გადაღებილმა მანქანებმა უნდა აკეთონ, ან გადაღებეთ თქვენი მანქანა, ან ჩვენ შემოვიყვანთ თეთრ მანქანებსო. ანუ, ფაქტობრივად, ადამიანებს ჩამოართვეს საკუთრება საკუთარ მანქანაზე. ადრე მანქანაზე ამ საკუთრების შინაარსი იყო ასეთი: შემეძლო, სადაც მინდოდა იქ მევლო ჩემი მანქანით, თუ მქონდა მართვის მოწმობა და ნებისმიერი ადამიანი გადამეყვანა. თქვეს, რომ თქვენ კი გაქვთ სიარულის უფლება ისევ, მაგრამ, ადამიანების გადაყვანის უფლება არ გაქვთო. ასეთი ადამიანები მოდიან ჩვენთან და გამოსავალს ეძებენ. ჩვენ მათ შევთავაზეთ ამ მავნე რეგულირებისგან თავის არიდების საშუალება ჩვენი საგანმანათლებლო პროექტით – “შმAXI”. სადღაც 100-ზე მეტი ადამიანია უკვე გაწევრიანებული. ყოველდრიურად ემატებიან ადამიანები “შმAXI“-ის რიგებს, მიუხედავად იმ ჭორებისა, რომლებიც თავიდან დაყარეს, რომ პატრული აჯარიმებს “შმAXI”-ის მძღოლებს და ა.შ, ეს ჭორები არ მართლდება, ნელ-ნელა ადამიანები იჯერებენ , რომ ისინი არანაირ კანონდარღვევას არ ჩადიან, ასე ცდილობენ, გააგრძელონ საკუთარი ოჯახის და ბავშვების გამოკვება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ორი „შმაქსისტია“ დაჯარიმებული. მისივე განმარტებით, დღევანდელი კანონმდებლობით დაჯარიმება შეუძლებელია, თუ მანქანის მძღოლი თავად არ იტყვის იმას, რომ ტაქსისტია და არა „შმაქსისტი“.

„ეს ძალიან სოციალური პროექტია, ეხება საზოგადოების დაბალ და საშუალო ფენას. ფენას, რომელსაც საშუალება არ ჰქონდა დაეცვა ის რეგულირებები, რომლებიც მერიამ შემოგვთავაზა და რომლებიც, როგორც ჩანს, დიდ კომპანიებზე იყო გათვლილი. ტაქსების ერთ-ერთმა კომპანიამ თქვა, რომ 1-2 ოქტომბერს ფასების 3-5 %-იანი მატება იყო, ახლა დასტაბილურდა და ფასები არაა მომატებულიო. ყველანი ამ ქალაქში ვცხოვრობთ, გვიყენია ტაქსის აპლიკაციები, ზუსტად ვიცით, ფასი მომატებულია თუ არა, მინდა ტყუილის გამო საჯაროდ წავშალო „ბოლტის“ აპლიკაცია.

„შმაქსაობამ“ შეიძინა სახალხო მხარდაჭერა, ფაქტობრივად, „გირჩის“ ყველაზე პოპულარული პროექტია. ყველა ადამიანი, რომლებიც ამ პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებებს გვწერს, გვწერს ასეთი ტონალობით: თქვენში ვცდებოდით, სხვა ხალხი მეგონეთ და კარგი ხალხი ყოფილხართო. ამას მარტო „გირჩის“ წარმომადგენლები არ ვხედავთ, ამას საქართველოს ხელისუფლებაც ხედავს, ყველა ხედავს, რომ ეს რეფორმა არის არასწორი, არაკონსტიტუციური, ეწინააღმდეგება საკუთრების უფლებას და გამოხატვის თავისუფლებას. კიდევ უფრო მეტად შეეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლბას, თუ ახალ რეგულირებას მოიფიქრებენ, გეტყვით, რას ვგულისხმობ – მაქვს თუ არა უფლება, ჩემს მანქანას რაც მინდა, ის დავაწერო? რამეს ეწინააღმდეგება, თუ არა რომ ჩემს მანქანაზე დავაწერო „შმაქსი?“ ნებისმიერი რეგულირება, რომელიც ჩემს მანქანზე „შმაქსის“ დაწერას ამიკრძალავს, ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას.
რაც შეეხება ჯარიმებს – 2 „შმაქსისტი“ დაჯარიმდა , ორივე მათგანმა პატრულთან საუბრის დროს თქვა, რომ ისინი არ იყვნენ „შმაქსის“ მასწვალებლები, არ იცოდნენ ამის შესახებ და იყვნენ ტაქსისტები. მგზავრმაც თქვა, რომ ტაქსში ჩაჯდა. ეს პირველ დღეს მოხდა, იმის მერე დადიან და არაფერი მომხდარა. ადამიანები სწვალობენ ახალ პროფესიას, ტაქსაობის ნაცვლად, შმაქსაობას.
დღევანდელი კანონმდებლობით დაჯარიმება შეუძლებელია, თუ მანქანის მძღოლი თავად არ იტყვის იმას, რომ ტაქსისტია და არა „შმაქსისტი“. ჩემი რჩევა მარტივია: ტაქსისტებო, გახდით „შმაქსისტები“ . ტაქსისტობა წარსულს ჩაბარდა, ახლა „შმაქსისტობის“ დროა“- განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისთვის, პოლიტიკური მოძრაობა გირჩი ტაქსების რეგულაციის წინააღმდეგ გამოვიდა და TAXI-ს ნიშნის ნაცვლად “შმAXI” წარადგინა. გირჩში ამბობენ, რომ აღნიშნულ პროექტს საგანმანათლებლო ფუნქცია აქვს. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა , კომპანიის მთავარი მიზანი საგანმანათლებლო საქმიანობა იქნება – ის დაიქირავებს მასწავლებლებს, რომლებიც თბილისში, საკუთარი ავტომობილებით იმოძრავებენ. იმ მგზავრებს კი, ვისაც გირჩის, საღი აზრისა და თავისუფლების იდეების გაცნობის სურვილი ექნებათ „შმაქსის“ მომსახურებით სარგებლობა შეეძლებათ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები