მარიამ ჯაში: მასწავლებლის ჯილდოს პროექტი პედაგოგის პროფესიის დაფასებასა და პოპულარიზაციას ემსახურება
“მასწავლებლის ჯილდოს პროექტი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინიციატივა, რომელიც მასწავლებლის დაფასებას, პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას და განათლების მიზნების გარშემო სრულიად საზოგადოების კონსოლიდაციას ემსახურება,”- ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” გადაცემის ცერემონიალის დროს განაცხადა.
“სრულიად საზოგადოება აღიარებს, რომ მასწავლებლის ჯილდოს პროექტი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინიციატივა, რომელიც მასწავლებლის დაფასებას, პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას და განათლების მიზნების გარშემო სრულიად საზოგადოების კონსოლიდაციას ემსახურება. ლადო აფხაზავას წარმატება არ იყო მხოლოდ ერთი მასწავლებლის წარმატება. ეს იყო საქართველოს უდიდესი მიღწევა – მსოფლიოში ქართული განათლების პოპულარიზაციის შესაძლებლობა. ლადოს წარმატებამ გარკვეულწილად განაპირობა ამ ინიციატივის კიდევ უფრო ფართო მასშტაბებზე გაყვანა. ჩვენ, განათლების სისტემაში არა მარტო 5 ან 10 საუკეთესო არამედ, ათასობით საუკეთესო პედაგოგი გვყავს. დღეს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ იმ უდიდესი შრომისთვის, რომელსაც ყოველდღიურად დებთ თქვენი მოსწავლეების აღზრდაში და ცხოვრების გზაზე დაყენებაში“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მთაწმინდის პარკში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიალი გაიმართა, სადაც ხუთი ფინალისტიდან გამარჯვებული მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი გიორგი ჭაუჭიძე გახდა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, რომელიც ხუთ ფინალისტს შორის გამოვლინდა ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალურმა სპონსორმა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა 10 000 ლარი გადასცა.
“მასწავლებლის ეროვნული ჯილდო” განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პატრნიორობით უკვე მესამედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – “The Global Teacher Prize” ნაწილია.