გიორგი გახარია პრეზიდენტის შეწყალების აქტზე: საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო, საზოგადოებამ და პარლამენტმა უნდა იმსჯელონ და ეს ცვლილებები უნდა მივიღოთ
“ერთმნიშვნელოვნად ფაქტია, რომ შეწყალების სისტემა ცვლილებებს საჭიროებს და ამაზე თავად პრეზიდენტმაც განაცხადა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ თქვა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მისთვის მიუღებელია როგორც პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის ასევე, ყველა სახის მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის შეწყალება.
„მე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემთვის პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება არის მიუღებელი, ისევე, როგორც ყველა სახის მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის შეწყალება, როდესაც მას სასჯელიც ნახევარიც კი არ აქვს მოხდილი. რა თქმა უნდა საკანონმდებლო ცვლილებები არის საჭირო და საკანონმდებლო ცვლილებებზე პარლამენტმა, საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს და ეს ცვლილებები უნდა მივიღოთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ უნდა აგოს პასუხი განხორციელებულ შეწყალებასთან დაკავშირებით, პრემიერმა აღნიშნა, რომ პასუხისმგებელ პირს გამოძიება დაადგენს.