მამუკა მდინარაძე: თუ თბილისის საკრებულოს თანამშრომლის მიერ შესაძლო ძალადობის ფაქტი დადასტურდება, რეაგირება უნდა იყოს უმკაცრესი
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, თუ თბილისის საკრებულოს თანამშრომლის მიერ შესაძლო ძალადობის ფაქტი დადასტურდება, რეაგირება უნდა იყოს უმკაცრესი. თუმცა მისივე განცხადებით, ჯერ უნდა გაირკვეს რა მოხდა სინამდვილეში.
„თუ ეს დადასტურდა, თუ ეს მართალია, ალბათ, ამაზე მთელი საზოგადოება, თქვენც და მეც ვთანხმდებით, რომ რეაგირება უნდა იყოს უმკაცრესი. მაგრამ შემთხვევით არ ვამბობ „თუს“. ჯერ უნდა გაირკვეს სად არის სიმართლე და დადასტურების შემთხვევაში, რეაგირება უნდა იყოს უმკაცრესი. მეორე მხრივ, სიმართლეა დასადგენი, რა მოხდა სინამდვილეში, რეალურად ჰქონდა თუ არა ასეთ ფაქტს ადგილი, სხვა რაღაც ხომ არ ხდება აქ?! მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, დადასტურების შემთხვევაში, ჩემი აზრით, უნდა იყოს უმკაცრესი რეაგირება”, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისათვის, საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს, მისი თანაშემწე ქალი ძალადობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ საქმეზე გამოძიება სსკ-ის სამი მუხლით მიმდინარეობს: 126-მუხლი – ძალადობა, 138-ე მუხლი – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და 187-ე – ნივთის დაზიანება ან განადგურება. უწყებაში აცხადებენ, რომ ორივე მხარე, საკრებულოს დეპუტატიც და თანამშრომელი ქალიც გამოიკითხნენ ორი დღის წინ, ასევე საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა ყველა ის პირი, ვისაც შესაძლოა, რაიმე კავშირი ან ინფორმაცია ჰქონდეს მომხდართან დაკავშირებით. დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები და საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.