კობა კობალაძე: ვეტერანებისთვის სოციალური დახმარების გაზრდა ქვეყნის პრიორიტეტი უნდა გახდეს

იმ 22 ლარიანი დახმარებისთვის, რომელსაც ამჯერად ვეტერანთა სრული შემადგენლობა იღებს, რა თქმა უნდა, ვეტერანებს მადლიერების მეტი რა ეთქმით, რადგან კუთვნილ დახმარებას საკმაოდ მცირე ნაწილი იღებდა, მაგრამ ეს 22 ლარიანი დახმარება ძალიან მცირეა, – ამის შესახებ “ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრმა, გენერალმა კობა კობალაძემ პარლამენტში განაცხადა.

კობა კობალაძემ დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ 2020 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი ზრდის ტენდენციაზეა ორიენტირებული. მისივე თქმით, საინტერესოდ არის წარმოდგენილი სოციალური პოლიტიკისა და ეკონომიკის განვითარების მიმართულება. როგორც კობალაძემ აღნიშნა, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ასახული არაერთი დადებითი ტენდენციის მიუხედავად, მასში არ არის გათვალისწინებული ვეტერანებისთვის სოციალური შემწეობის გაზრდის საკითხი.

“ახალი კონსტიტუციის პირობებში ჩვენ მივიღეთ საყოველთაო თავდაცვის პრინციპზე ქვეყნის გადასვლის წესი. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი ძლიერი სამობილიზაციო რესურსი, რომელზეც სახელმწიფოს თავდაცვა არის დაფუძნებული, ეს არის ვეტერანთა ის შემადგენლობა, რომელსაც აქვს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გამოცდილება და შემართება ქვეყნისთვის თავდაცვის წარმოების საკითხში.

იმ ახალი გამოწვევებიდან გამომდინარე, რასაც ახალი კონსტიტუციის მიხედვით, საყოველთაო თავდაცვაზე სახელმწიფოს გადასვლა გულისხმობს, ვეტერანთა იმ ძირითად შემადგენლობას, რომელიც არის უფრო ორგანიზებული და მოტივირებული და რომლის ამოცანაც ქვეყნის დაცვაა, სახელმწიფოსგან უფრო მეტი ყურადღება სჭირდება. 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ვერ ვხედავ სოციალური დახმარების მატების ტენდენციას, რომელსაც წარმატებულად ვახორციელებდით რამდენიმე წლის განმავლობაში. იმ 22 ლარიანი დახმარებისთვის, რომელსაც ამჯერად ვეტერანთა სრული შემადგენლობა იღებს, რა თქმა უნდა, ვეტერანებს მადლიერების მეტი რა ეთქმით, რადგან კუთვნილ დახმარებას საკმაოდ მცირე ნაწილი იღებდა, მაგრამ ეს 22 ლარიანი დახმარება ძალიან მცირეა,“ – განაცხადა კობა კობალაძემ.

როგორც კობა კობალაძემ აღნიშნა, ძალოვანი უწყებების ბიუჯეტის გადანაწილების, ასევე ვეტერანთა შემწეობების საკითხს, დეტალურად განიხილავენ თავდაცვისა და უშიშროებისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები