“მეგობრები იყვნენ, ერთ უბანში ცხოვრობდნენ” – კახეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები
კახეთში, საგარეჯოში მომხდარი მკვლელობისა და თვითმკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც ცნობილია, გარდაცვლილები შოთა დარბაისელი და ელდარ ივანელაშვილი არიან.
ადგილობრივების ინფორმაციით, 67 წლის შოთა დარბაისელი იმ ადგილას მივიდა, სადაც 71 წლის ივანელაშვილი მუშაობდა და ახლო მანძილიდან მუცლის არეში ორჯერ ესროლა. დაჭრილი მამაკაცი გზაში, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მომხდარის შემდეგ კი დარბაისელმა თავის არეში ჭრილობა მიიყენა, რის შემდეგაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
თვითმხილველების ცნობით, მოკლული და მკვლელი მეგობრები იყვნენ და ერთ უბანში ცხოვრობდნენ.
“თოფიც დაუცლია და თავიც მოუკლია. მეგობრები იყვნენ, ერთ უბანში ცხოვრობდნენ. რა მოხდა არავინ იცის. მოკლული მანამ გარდაიცვალა სანამ საავადმყოფოში მიიყვანდნენ, მეორე ადგილზევე გარდაიცვალა”, – აცხადებს თვითმხილველი.
დარბაისელს მკვლელობის მცდელობა ადრეც ჰქონია,- ამის შესახებ ადგილობრივმა მცხოვრებმა ვლადიმერ ასლანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.
“მკვლელობის მცდელობა, როგორც ბიჭები იძახიან ადრეც ჰქონია, უკნიდან ეპარებოდა დანა უნდა ჩაერტყაო. თოფი გამოიტანა და ახლოდან ესროლა”, – აღნიშნავს ვლადიმერ ასლანიშვილი.
საგარეჯოში შემზარავი მკვლელობა დღეს მოხდა. როგორც შსს “კვირასთან” საუბრისას აცხადებს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.