ონკოლოგიური საავადმყოფოს პერსონალი გაიფიცა: რას პასუხობს ჯანდაცვის სამინისტრო გაფიცულ თანამშრომლებს
დღეს, ონკოლოგიური საავადმყოფოს პერსონალი ხელფასების დროულად გაცემის მოთხოვნით გაიფიცა.
ჯანდაცვის სამინისტროს ეკუთვნის ხელფასების მოცემა და რატომ აგვიანებს არ ვიცი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას, დაწესებულების ერთ-ერთმა ექიმმა ეთერ სურმავამ განაცხადა.
“7 თვის დავალიანება აქვთ ჩვენი, მარტის თვის ხელფასები ვერ მოგვცეს დღეს. უკვე მერვე თვე გადის. “ჯანდაცვის სამინისტროს” ეკუთვნის ხელფასების მოცემა და რატომ აგვიანებს არ ვიცი. მარტის თვის ხელფასს ახლა რატომ უნდა ვღებულობდეთ. დიდი ხანია ჩვენმა ბუღალტერიამ მონაცემები ჩააბარა, რომელიც წესით ორ კვირაში უნდა იყოს დამუშავებული,” – აღნიშნა სურმავამ.
ექიმი თეიმურაზ ჩაჩხიანი, დაწესებულებისთვის ყურადღების მიხედვას ითხოვს.
“ჩვენი თხოვნაა, რომ მიხედონ ამ დაწესებულებას, ან დახურონ, ამაზე იოლი საქმე არაფერი არ არის. ვისაც ეხება ეს საქმე გადაწყვიტონ. წლების განმავლობაში მიდის ეს პროცესი, ეს დღევანდელი დღე არ არის. ეს ჩვენ, რამდენჯერმე ვითხოვეთ, მაგრამ შედეგი არაფერი არ არის”, – განაცხადა ჩაჩხიანმა.
ექიმების ბრალდებებს, “უნივერსალური სამედიცინო ცენტრის დირექტორი, მამუკა გელოვანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თვეში ერთხელ ხელფასი ყოველთვის გაიცემა.
“შვიდი თვის განმავლობაში ხელფასი რომ არ მიუციათ – ეს არ არის სწორი. დღეს, გასაცემი გვაქვს მარტის თვის ხელფასი. შეიძლება ინტერვალი არის შვიდი თვე, მაგრამ თვეში ერთხელ ხელფასი გაიცემა”, – განმარტა გელოვანმა.
ონკოლოგიური დაწესებულების პერსონალის გაფიცვის ფაქტს, “დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის” მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კონკრეტული დაწესებულების მიმართ სახელფასო დავალიანება არ აღინიშნება.
“დავალიანება კონკრეტულ შემთხვევაში ხელშეკრულების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, სოციალური მომსახურების სააგენტოს კონკრეტული დაწესებულების მიმართ არ აღენიშნება. ანაზღაურება ხდება იმ დადგენილი ვადებით, რომლითაც უნდა ხდებოდეს”, – აღნიშნა გაბუნიამ.
იმ შემთხვევაში თუ ჯანდაცვის სამინისტრო მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს ექიმები სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას გეგმავენ.